გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა რამდენიმე კანონპროექტსა და სარატიფიკაციო დოკუმენტზე იმსჯელა
ამობეჭდვა · 11 / 02 / 2019 20:45
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა რამდენიმე კანონპროექტსა და სარატიფიკაციო დოკუმენტზე იმსჯელა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა უძღვებოდა, რამდენიმე კანონპროექტი და სარატიფიკაციო დოკუმენტი განიხილეს.



კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტის წევრმა ზაზა ხუციშვილმა წარადგინა და კანონპროექტის მიღების მიზეზები და მიზნები განმარტა.



როგორც მომხსენებელმა განაცხადა, მოქმედ კანონმდებლობაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის გამომდინარე იქიდან, რომ დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდში მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონების ამოქმედებით მოხდა გადაფარვა. კერძოდ, „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ კანონიდან გამომდინარე სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა, რომელიც 1 იანვარს ამოქმედდა, გადაფარა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონიდან გამომდინარე, 28 დეკემბერს ამოქმედებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილება და წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანს სწორედ ტექნიკური უზუსტობის გასწორება წარმოადგენს. შედეგად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-19 ნაწილი გაიმართება და ტექნიკური ხარვეზი აღმოიფხვრება.



კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.



ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის სხდომაზე განსახილველად გამოიტანა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ორი დოკუმენტი: „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი)“ და „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი)“ N2 ცვლილების შეთანხმება“.



მომხსენებლის განმარტებით, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება თბილისის მყარი ნარჩენების მართვის მიზნით არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და სათანადო ტექნიკისა და სხვა ძირითადი საშუალებების შესყიდვისათვის საჭიროა 15 მილიონი ევროს ოდენობის რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.



თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოსთვის გამოყო სესხი 15 მლნ ევროს ოდენობით, სესხის ხანგრძლივობა 15 წელი (მათ შორის შეღავათიანი პერიოდი - 3 წელი). პროექტის სავარაუდო დასრულების თარიღად განსაზღვრულია 2021 წელი. ამ თანხით დაფინანსდება: ახალი ნაგავმზიდი და მექანიკური დამგველი მანქანის შეძენა; ნაჟური წყლის სისტემის რეაბილიტაცია; არსებული გადამტვირთი სადგურის რეაბილიტაცია.



გიორგი კაკაურიძის განცხადებით, რაც შეეხება მეორე სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც აჭარის მყარი ნარჩენების პროექტს ეხება, მასში შეტანილი ცვლილებით იცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის მოსალოდნელი დასრულების ვადა - იგი გრძელდება 2022 წლის 31 დეკემბრამდე.



მომხსენებლის განმარტებით, საქმე ისაა, რომ ხელშეკრულებით თავდაპირველად განსაზღვრული პირობები შეიცვალა, კერძოდ, შეიცვალა ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის შერჩეული ტერიტორია - დაბა ჩაქვი. ნაგავსაყრელის მშენებლობისათვის შეირჩა ახალი ტერიტორია. ტერიტორიის ცვლილებიდან და პროექტის დიზაინთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელებიდან გამომდინარე, გვიანდება სამშენებლო სამუშაოების დაწყება და აუცილებელი გახდა პროექტის დასრულების თარიღის გადავადება, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.



კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციო დოკუმენტებს მხარი დაუჭირეს.



პარლამენტის წევრების: მერაბ ქვარაიას, პაატა მხეიძის, გოგა გულორდავას, კობა ლურსმანაშვილის, ზაქარია ქუცნაშვილის, რატი იონათამიშვილის, გიორგი მოსიძის, გიორგი კოპაძის, დიმიტრი მხეიძის და ცოტნე ზურაბიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სოციალური მეწარმეობის შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად პარლამენტის წევრმა მერაბ ქვარაიამ პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე წარადგინა და კომიტეტის წევრებს მისი მიღების მიზნებსა და მიზეზებზე ესაუბრა. მისი განცხადებით, კანონპროექტის მიზანია სოციალური მეწარმეობის ინსტიტუციონალიზაციისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.



მომხსენებელმა და სოციალურ მეწარმეთა ალიანსის წარმომადგენელმა გიორგი არსენიძემ ისაუბრეს კანონპროექტის არსზე, მისი მიღების მნიშვნელობაზე და უპასუხეს კომიტეტის წევრთა კითხვებს.



მერაბ ქვარაიას განცხადებით, სოციალური მეწარმეობა, ზოგადად, ბოლო ოცი წელია რაც ვითარდება, მისი საფუძვლები შექმნილია, თუმცა სოციალური საწარმოს არსი ქართულ კანონმდებლობაში გარკვეულ სიახლეს წარმოადგენს. მისი თქმით, ამდენად, ეს კანონპროექტი წარმოადგენს გარკვეულ მცდელობას, რომ სოციალური მეწარმეობისთვის საკანონმდებლო საფუძველი შეიქმნას.



კანონპროექტით სოციალური მეწარმეობა განისაზღვრება როგორც ორგანიზებული სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც ემსახურება სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფას, მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებას, აგრეთვე სოციალური მიზნების მიღწევას განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტის და გარემოს დაცვის სფეროებში.



კანონპროექტის მიმართ სხდომაზე გარკვეული ხასიათის შენიშვნები გამოითქვა და, საბოლოოდ, კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს მხარი დაუჭირეს შენიშვნების გათვალისწინებით, რომლებიც კანონპროექტის ავტორებს წარედგინება.

 

ტეგები