სპორტის სასახლესთან ორი მრავალსართულიანი შენობის ნებართვაზე მერიაში უარი თქვეს - ინვესტორმა განაცხადი ეკონომიკის სამინისტროში შეიტანა
ამობეჭდვა · 12 / 02 / 2019 15:03
სპორტის სასახლესთან ორი მრავალსართულიანი შენობის ნებართვაზე მერიაში უარი თქვეს - ინვესტორმა განაცხადი ეკონომიკის სამინისტროში შეიტანა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები/ფოტომონტაჟი, რომელზეც ასახულია სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მრავალსართულიანი შენობა. 

ე.წ. აკადემქალაქის ტერიტორიაზე, მერაბ ალექსიძის ქუჩა N9-ში შპს „ბასილონ გლობალ სერვის“ ორი 91.5 მ სიმაღლის, მრავალფუნქციური დანიშნულების შენობის აშენებას გეგმავს. კომპანია აღნიშნულ პროექტზე მშენებლობის ნებართვის მიღებას თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან 2016 წლიდან მოითხოვდა.

2017 წელს თბილისის მერიამ წარმოდგენილ საპროექტო განაცხადზე ნებართვა არ გასცა. უწყებამ გამცხადებელს, ქიჩირი ბასილაშვილის აცნობა, რომ წარმოდგენილი საპროექტო გადაწყვეტა არ არის მისაღები და საჭიროებს დახვეწას. თუმცა თბილისის მერიაში განაცხადი შესული იყო როგორც  მეოთხე კლასის შენობა.

თბილისის არქიტექტურის სამსახურისგან ნებართვის გაცემაზე უარის შემდეგ, მერიის ცნობით, ინვესტორმა  განაცხადი ეკონომიკის სამინისტროში შეიტანა, როგორც მეხუთე კლასის მრავალფუნქციური პროექტი. 

V კლასის შენობა-ნაგებობად ითვლება შენობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები).

„ლიბერალი“ ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროდან ელოდება პასუხს. 

საპროექტო ტერიტორიის მიწის ნაკვეთის ფართობი   4168 კვ.მ-ია. განაშენიანების ფართობი -1398.6 კვ.ხოლო პროექტის საერთო ფართობი - 35087.3 კბ.მ. 

 

 

იხილეთ სრულად