სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2019 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა
ამობეჭდვა · 12 / 02 / 2019 17:26
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2019 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2019 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და მასში ახალი რეგლამენტის შესაბამისი რეგულაციების ასახვის მიზნით, კომიტეტმა სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე კომიტეტის წევრები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცალკეულ ცვლილებებს გაეცნენ, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის წარმომადგენელმა წარმოადგინა. მომხსენებელმა პრეზენტაციის ფორმით, კომიტეტს ის სიახლეები წარუდგინა, რასაც ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს.  საკითხის განხილვისას ყურადღება „მინისტრის საათის“, ინტერპელაციის, კომიტეტის და პლენარული სხდომების გამართვის რეგულაციებზე, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის მიმართულებებზე და თემატური მომხსენებლების დანიშვნის საკითხებზე გამახვილდა.

„პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი პარლამენტის და კომიტეტების როლი. სიახლეს წარმოადგენს თემატური მომხსენებლების დანიშვნა, რაც კონკრეტულ საკითხებზე კომიტეტის წევრების განსაზღვრას შეეხება, რაც მათ პასუხისმგებლობას კიდევ უფრო გაზრდის. რეგლამენტით გათვალისწინებული სიახლეები შესაბამისად აისახება კომიტეტის სამოქმედო გეგმაში, სადაც დეტალურად გაიწერება თითოეული აქტივობა და მასზე პასუხისმგებელი პირი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე, კომიტეტის წევრებმა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა სამოქმედო გეგმის ძირითად პრიორიტეტებსა და დაგეგმილ აქტივობების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. სამოქმედო გეგმის დოკუმენტი, რომელიც 60-მდე აქტივობას მოიცავდა, კომიტეტმა დეტალურად განიხილა და თითოეული ქმედების ზედამხედველად და მომხსენებლად კომიტეტის კონკრეტული წევრი განსაზღვრა.

სამუშაო შეხვედრის შემდეგ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. კომიტეტმა შენიშვნების და ინიციატივების გათვალისწინებით, 2019 წლის სამოქმედო გეგმას ერთხმად დაუჭირა მხარი.