იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დავით მათიკაშვილი აირჩია
ამობეჭდვა · 12 / 02 / 2019 18:10
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დავით მათიკაშვილი აირჩია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დავით მათიკაშვილი აირჩია. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დავით მათიკაშვილის კანდიდატურა  კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა წარადგინა.

,,ბატონი დავითი გახლავთ იურიდიულ საკითხთა  კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება როგორც იურიდიულ სფეროში, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მუშაობის თვალსაზრისით. შესაბამისად, გთავაზობთ მის კანდიდატურას“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, მესამე მოსმენისთვის განიხილა  კანონპროექტი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ თანმდევ პროექტებთან ერთად. საკანონმდებლო  პაკეტი სხდომაზე პარლამენტის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა წარმოადგინა.

„წარმოგიდგენთ ძალიან მნიშვნელოვან კანონპროექტს, რომელიც მოვამზადეთ ჰერალდიკის სამსახურთან ერთად. აღნიშნული ცვლილებების მიზანია ქვეყანაში  ერთიანი სამართლებრივი მექანიზმის არსებობის საჭიროება, რომელიც დაარეგულირებს  სახელმწიფოში მოქმედი სიმბოლოების ჰერალდიკური თვალსაზრისით გამართული დიზაინის  შექმნას, დამტკიცებასა და გამოყენების წესს“,-განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

კომიტეტმა, გამოთქმული რედაქციული შენიშვნების გათვალისწინებით, რომლებიც მომხსენებელმაც  გაიზიარა, მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას. საკანონმდებლო პაკეტის განხილვის დროს, სხდომაზე გამოფენილი იყო ჰერალდიკის სამსახურის მიერ შექმნილი საქართველოს სამხედრო ძალების დროშები, საქართველოს მუნიციპალური სიმბოლოები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი და დროშა და ასევე, აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის გერბის და დროშის პროექტი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს კანონის პროექტები: „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

მომხსენებლის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძე განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებებით ხდება კანონში არსებული კოლიზიის აღმოფხვრა. კერძოდ, კანონში ჩნდება ჩანაწერი, რომ  საქართველოს პრემიერმინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სავალდებულო წესით  შეუნარჩუნდებათ დაცვა უფლებამოსილების  ვადის გასვლის ან შეწყვეტის შემდეგ 1 (ერთი) წლის ვადით. მისივე თქმით, აქვე ჩნდება ჩანაწერი იმის შესახებ, რომ  უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა არ უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და დანაშაულის ჩადენის შედეგი.

ცვლილებების თანახმად, კანონს ემატება ახალი პუნქტი, რომლის თანახმად საქართველოს პრემიერმინისტრს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მათივე ოჯახის წევრებს, აგრეთვე უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ სამსახურის სხვა დასაცავ პირებს და მათი ოჯახის წევრებს დაცვა შეიძლება დაენიშნოთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაბამისი საფრთხის არსებობის საფუძველზე და იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ პირთა უფლებამოსილების შეწყვეტა არ იქნება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და დანაშაულის ჩადენის შედეგი.

დაცვის დანიშვნის საფუძველი, ასევე შეიძლება გახდეს შესაბამისი სამსახურებიდან მიღებული ინფორმაცია.

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ შესაძლებლობისთანავე შეატყობინოს თავის უშუალო უფროსს და სამსახურის სამორიგეო ქვედანაყოფს, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აცნობებს სამსახურის ხელმძღვანელ პირებს და გადასცემს შეტყობინებას საქართველოს გენერალური პროკურატურის ცხელ ხაზზე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა  მესამე მოსმენით განიხილეს კანონპროექტები: საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

მომხსენებლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნინო ენუქიძის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა.

„გამომდინარე იქედან, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველომ აიღო ვალდებულება, გარკვეული დირექტივების იმპლემენტაცია უნდა განხორციელდეს ეროვნულ კანონმდებლობაში. საქართველოს მთავრობამ 1997 წელს მიიღო რეგლამენტები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ეს არის ორი რეგლამენტი, რომელიც უკვე ძალაშია და ყველა ტექნიკური პარამეტრი, რასაც არსებული რეგულაცია - ევროკავშირის დირექტივები ითვალისწინებს, სრულყოფილად იქნა ასახული ამ რეგლამენტებში. შესაბამისად, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონიდან ტექნიკური პარამეტრები ამოდის და ნაცვლად ამისა, მითითება ხდება საქართველოს მთავრობის შესაბამის ნორმატიულ აქტზე. სამივე პროექტი ითვალისწინებს ასეთი ხასიათის შენიშვნებს. იქ, სადაც იყო, მაგალითად, მითითებული ტონაჟი - 10 ტონა, იქნება მითითება, რომ აღნიშნული განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით“, - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.