სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2019 11:28
სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

სოფელ უდაბნოში პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს.

პრემიერმა, მოსახლეობას საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ კახეთის რეგიონში ეს რიგით მე-12 საზოგადოებრივი ცენტრია.

"ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენაა ნებისმიერი სოფლისთვის, რადგან საზოგადოებრივი ცენტრების შექმნის იდეა სწორედ იმას ემსახურება, რომ რაც შეიძლება მეტმა ჩვენმა მოქალაქემ ჩვენს რეგიონებში, სოფლებში შეძლოს ისარგებლოს ყველანაირი მომსახურებით და სერვისით.

ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი სწორედ ის არის, რომ თანაბრად განვავითაროთ საქართველოს ყველა რეგიონი, შესაბამისად ეს არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენ შევქმნათ ახალი ეკონომიკური მოდელი რეგიონებში და კიდევ უფრო წავახალისოთ ეკონომიკური განვითარება, ახალი სიცოცხლე შევიტანოთ ჩვენს ყველა სოფელში, მოსახლეობას შევუქმნათ ერთიანი პირობები ცხოვრებისა და განვითარებისთვის.

ჩემთვის პირადად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ხელმისაწვდომობა ჰქონდეს თანაბრად ისეთ სერვისებზე, როგორიცაა ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა და სოციალური ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებით სულ უფრო წინ მივდივართ და დღეს საქართველოს მასშტაბით უკვე 63-ე საზოგადოებრივ ცენტრს ვხსნით და რამდენიმე კვირაში გავხსნით კიდევ ახალ ცენტრს ტყიბულში. ეს ცენტრები მოსახლეობას ზუსტად ისეთივე ხარისხის მომსახურებას აწვდის, როგორც ნებისმიერ დიდ ქალაქში.

მინდა გითხრათ, რომ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრის არსებობა თქვენ გაგიმარტივებთ 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისზე წვდომას, თქვენ გექნებათ სწრაფი, კომფორტული მომსახურება.

განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენი ახალგაზრდები და მოზარდები შეძლებენ ისარგებლონ უახლესი ტექნიკით, თანამედროვე სტანდარტების ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკით, შეხვედრების ოთახით და უფასო ინტერნეტით.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, არ აქვს მნიშვნელობა, სად იზრდებიან ჩვენი ბავშვები და მოზარდები, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი წვდომა ამ სერვისებზე.

აღსანიშნავია, რომ ცენტრში განთავსდება კერძო კომპანიების ფილიალებიც, რომლებიც შემოგთავაზებენ თავიანთ მომსახურებას. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ პენსიონერები, რომლებიც სოფელში ცხოვრობენ, პენსიას ადგილზე მიიღებენ", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, სოფელ უდაბნოს უნიკალური ტურისტული პოტენციალი აქვს.

"სამწუხაროდ, ბევრი ინფრასტრუქტურული ხარვეზი არსებობდა იმისთვის, რომ თქვენ სრულად გქონოდათ შესაძლებლობა, გესარგებლათ ამ ტურისტული პოტენციალით.

იცით, რომ რამდენიმე წლის წინ ჩვენ დავასრულეთ წყლის მომარაგების პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული თქვენგანისთვის, მაგრამ ამავე დროს სხვა ინფრასტრუქტურაც მოსაწესრიგებელია, განსაკუთრებით საავტომობილო გზა და გპირდებით, რომ ამასაც ძალიან მოკლე ვადებში გადავჭრით.

აქვე არის დავით გარეჯის კომპლექსი, რომელიც თითოეული ქართველისთვის, თითოეული ქრისტიანისთვის მართლაც უნიკალური ძეგლია და ეს საშუალებას აძლევს სოფელ უდაბნოს, რომ ჰქონდეს უნიკალური ტურისტული პოტენციალი და მე გპირდებით, რომ თითოეული თქვენგანი უკვე უახლოეს მომავალში საკუთარი თვალით დაინახავს, რომ ძალიან გაიზრდება თქვენს სოფელში ტურისტების რაოდენობა და ეკონომიკური განვითარება.

ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ცენტრების მშენებლობა კვლავ გაგრძელდება და ეტაპობრივად მოიცავს მთელ საქართველოს. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მეტი სიახლე და თანამედროვეობა შევიდეს სოფლად, ჩვენი ხალხის ცხოვრების პირობები გახდეს სულ უფრო კომფორტული და მივაღწიოთ წინსვლას ყველა მიმართულებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
 

ტეგები