რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში სარატიფიკაციო დოკუმენტები განიხილეს
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2019 17:44
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში სარატიფიკაციო დოკუმენტები განიხილეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა, რამდენიმე სარატიფიკაციო დოკუმენტზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად მათ გატანას.

საკითხები კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის შემოტანილ დოკუმენტთაგან ორი თბილისისა და აჭარის მყარი ნარჩენების პროექტებს ეხება. ესენია: „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი)“ და „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი)“ N2 ცვლილების შეთანხმება“.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება თბილისის მყარი ნარჩენების მართვის მიზნით არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და სათანადო ტექნიკისა და სხვა ძირითადი საშუალებების შესყიდვისათვის საჭირო 15 მილიონი ევროს ოდენობის რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. შესაბამისად, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოსთვის გამოყო სესხი 15 მლნ ევროს ოდენობით, სესხის ხანგრძლივობა 15 წელია (მათ შორის შეღავათიანი პერიოდი - 3 წელი). პროექტის სავარაუდო დასრულების თარიღად განსაზღვრულია 2021 წელი. ამ თანხით დაფინანსდება: ახალი ნაგავმზიდი და მექანიკური დამგველი მანქანის შეძენა; ნაჟური წყლის სისტემის რეაბილიტაცია; არსებული გადამტვირთი სადგურის რეაბილიტაცია.

რაც შეეხება მეორე სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც აჭარის მყარი ნარჩენების პროექტს ეხება, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, წლების განმავლობაში ეს პროექტი ვერ განხორციელდა, ამიტომ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებით იცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის მოსალოდნელი დასრულების ვადა და იგი გრძელდება 2022 წლის 31 დეკემბრამდე.

მომხსენებლის განმარტებით, საქმე ისაა, რომ ხელშეკრულებით თავდაპირველად განსაზღვრული პირობები შეიცვალა, კერძოდ, შეიცვალა ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის შერჩეული ტერიტორია - დაბა ჩაქვი. ნაგავსაყრელის მშენებლობისათვის შეირჩა ახალი ტერიტორია, სოფელი ცეცხლაური. ამგვარად, ტერიტორიის ცვლილებიდან და პროექტის დიზაინთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელებიდან გამომდინარე, გვიანდება სამშენებლო სამუშაოების დაწყება და აუცილებელი გახდა პროექტის დასრულების თარიღის გადავადება, აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განსახილველად ასევე წარადგინა:

· „2017 წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3) N1 ცვლილების წერილი-შეთანხმება“;

· „2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა- პროექტი 3) N2 ცვლილების წერილი-შეთანხმება;

· „2010 წლის 5 აგვისტოს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა-პროექტი 1)“ N5 ცვლილების წერილი-შეთანხმება“.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკთან (ADB) 2010 წელს მოხდა ჩარჩო ხელშეკრულების (FFA) გაფორმება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 2010-2020 წლებში 300 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსების პროგრამის შექმნას ქვეყანაში ურბანული ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის სრულყოფის, რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისთვის. FFA-ს ფარგლებში საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმებულია და ხორციელდება 5 სასესხო ხელშეკრულება. ცვლილება შედის სამ მათგანში. ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ ბევრი პროექტი განხორციელდა, მათ შორის თბილისის მეტროს მშენებლობა, მესტიის გზა, ბათუმის ნაპირდაცვითი სამუშაოები და ა. შ. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები უკავშირდება ორ საკითხს - ანაკლიაში ნაპირდაცვითი სამუშაოების გაუქმებას, რის შედეგად რჩება რესურსი, რომელიც შემდგომში სხვა მიმართულებით შეიძლება იყოს გამოყენებული, მათ შორის, თბილისში მეტროს ვენტილაციის რეაბილიტაციის კუთხით.

კომიტეტის სხდომაზე ასევე დაამტკიცეს კომიტეტის 2019 წლის სამოქმედო გეგმა იმ სტრატეგიის მიხედვით, რომელიც კომიტეტმა გასულ წელს შეიმუშავა და დაამტკიცა.

„ბუნებრივია, რომ გეგმები, რომლებიც კომიტეტს მიმდინარე წელს აქვს განსაზღვრული, კიდევ უფრო მეტად მრავალფეროვანია, საზედამხედველო საქმიანობის სრულყოფის და შესრულების საქმეში ბევრი საინტერესო ღონისძიება გვაქვს განსაზღვრული, მათ შორის ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანი სიახლეებია კანონშემოქმედებითი საქმიანობის კუთხითაც“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ საკითხის წარდგენისას.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2019 წლის სამოქმედო გეგმა მოიცავს საკანონმდებლო, საზედამხედველო და კომიტეტისთვის სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებსა და აქტივობებს, რომელიც გაწერილია თვეების მიხედვით, გეგმის მიხედვით, სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე გამოყოფილია თემატური მომხსენებლები.

სხდომის დასასრულს, დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობასა და მასში კანონმდებლების ჩართვის აუცილებლობასთან დაკავშირებით და სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში პარლამენტის როლის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატის მამუკა ჩიქოვანის კითხვას კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა.

„დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობა იმ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რომელიც ამ დოკუმენტზე მუშაობის დასაწყისში არსებობდა. ამ პროცესს მთავრობა, სამინისტრო ახორციელებს, რაც აპრობირებული პრაქტიკაა, თუმცა საბოლოოდ პარლამენტის როლი იქნება გადამწყვეტი. შეთანხმებისამებრ, მთავრობამ შექმნა დოკუმენტის პირველადი ვარიანტი, იგი გაასაჯაროა და აცნობს საზოგადოებას.

ეს პროცესი სამინისტროს მხრიდან უკვე სრულდება - ხდება საზოგადოების აზრის მოსმენა, მათ შორის მუნიციპალიტეტების მხრიდან, ვინაიდან მთავარი ბენეფიციარები ამ რეფორმის სწორედ მუნიციპალიტეტები არიან, ამის შემდეგ სტრატეგია შემოვა პარლამენტში, სადაც მისი განხილვა მოხდება“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.


კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სტრატეგიის განხილვა პარლამენტში ფორმალურად კი არ მოხდება, არამედ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ფართო ფორმატით, რომლის მუშაობაში მონაწილეობის საშუალება ყველა მსურველს ექნება. „ჩვენ ვაპირებთ სამივე შრე ამ დოკუმენტისა - ფისკალური, უფლებამოსილებების და სერვისების ნაწილები განვიხილოთ დეტალურად, სრულფასოვნად გავაანალიზოთ, სანამ ეს დოკუმენტი გამოვა პლენარულ სხდომაზე“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ. მისი ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი, სავარაუდოდ, მარტში შეიქმნება და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტის განხილვაში პარლამენტი სრულფასოვნად ჩაერთვება.

ტეგები