ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2019 19:24
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა

„სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის პროცესის ფარგლებში, საკოორდინაციო კომიტეტის შესახებ შეთანხმება“ განსახილველად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა წარადგინა.

შეთანხმების მიზანი არის რეგიონში უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კოორდინაცია. „იმავდროულად ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რათა ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის თვალსაზრისით კიდევ უფრო წინ გადავდგათ ნაბიჯი“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმების წევრი სახელმწიფოები არიან ალბანეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია, მაკედონია, რუმინეთი, თურქეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ხორვატია, მონტენეგრო, სერბეთი, სლოვენია, უკრაინა, აშშ. ამ ეტაპზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება მოლდავეთი.

მომხსენებლის განმარტებით, საქართველო, 2006 წელს ამ შეთანხმებასთან მიმართებაში მინისტერიალის ფარგლებში დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა, ხოლო 2015 წელს ქვეყანა უკვე მისი წევრი გახდა.

„საქართველო წევრი გახდა იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც გაფორმებული იყო 2000 წლის 9 ოქტომბერს. მსგავსი ხელშეკრულება, იგივე მხარეების მონაწილეობით, გაფორმდა 2009 წელს, რომელიც 2017 წელს ამოქმედდა.

შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა განმეორებით გამოვხატოთ თანხმობა შეთანხმებაში მონაწილეობის თაობაზე“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისი თქმით 2000 და 2009 წლის შეთანხმება იდენტურია. „ორივე შემთხვევაში ჩვენ წარმოდგენილი ვიქნებით როგორც წევრები, რაც საშუალებას გვაძლევს ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით და მეორე მხრივ, ეს არის კარგი პლატფორმა და შანსი უშუალოდ მივიღოთ მონაწილეობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, როგორც მხარემ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა სხდომაზე „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 1974 წლის ათენის კონვენციისა“ და „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ ათენის 1974 წლის კონვენციის 1976 წლის ოქმის“ დენონსირების თაობაზე დოკუმენტი წარადგინა.

„1974 წლის ათენის კონვენცია არის მოძველებული, ამიტომ გვინდა მოვახდინოთ მისი დენონსირება და მივუერთდეთ 2002 წლის ათენის კონვენციას“, - განაცხადა მომხსენებელმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე წარადგინა „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 2002 წლის ათენის კონვენცია“ და „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. დოკუმენტის მიხედვით შემოდის დაზღვევის კომპონენტი, რომელიც აქამდე არ არსებობდა,

„საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი ხომალდისთვის ან ის საზღვაო საშუალებები რომლებიც ქართულ ნავსადგურებში შემოდიან, ვალდებულნი იქნებიან მგზავრები დააზღვიონ“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით ასევე, ხორციელდება ტექნიკური ცვლილებები. ზუსტდება ტერმინთა განმარტებები. ასევე განსაზღვრულია დაზღვევის ლიმიტის ოდენობა, ჯანმრთელობის და გარდაცვალების შემთხვევაში ეს არის 400 000 პირობითი ერთეული. პირობითი ერთეული განსაზღვრულია 1, 39 დოლარით. ასევე, შემოდის 21000 ევროს ოდენობით წინასწარი დეპონირების კომპონენტი. აკაკი საღირაშვილის თქმით, საკითხი ასევე, მოიაზრებს ხანდაზმულობის ვადის სამიდან ხუთ წლამდე გახანგრძლივებას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები წარადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველომ ვალდებულება აქვს აღებული განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის შესაბამის სამართლებრივ აქტებს და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს დაუახლოვოს.

ევროკავშირის #1370/2007 რეგულაციის საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაციის მიზნით, წარმოდგენილი ცვლილებები ძირითადად ეხება საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების (Public Service Contract) მეშვეობით, მგზავრთა სარკინიგზო გადაყვანის სახელმწიფო რეგულირებას.

„დღესდღეობით, მგზავრთა სარკინიგზო გადაყვანა საქართველოში, ისევე როგორც სხვა უმეტეს ქვეყანაში, არის წამგებიანი და მისი სუბსიდირება ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ შიდა რესურსებით კერძოდ კი, სს „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების მიერ მიღებული შემოსავლებიდან“, - განაცხადა მომხსენებელმა.

ტეგები