თამარ ჩუგოშვილმა პროექტის „Women Empowerment Network - WEN” მონაწილეებს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა გააცნო
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2019 20:31
თამარ ჩუგოშვილმა პროექტის „Women Empowerment Network - WEN” მონაწილეებს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა გააცნო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი პროექტის „Women Empowerment Network - WEN” მონაწილეებს შეხვდა.

თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, კერძოდ: საკანონმდებლო საქმიანობაზე, ზედამხედველობასა და აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლზე, ასევე, გენდერული თანასწორობის კუთხით ცნობიერების ამაღლებაზე.

გენდერული თანასწორობის საბჭოს კანონშემოქმედებით საქმიანობაზე საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ოჯახში ძალადობის, სექსუალური შევიწროების, ქალების პოლიტიკაში მონაწილეობისა და ქალების ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე.

მისი განცხადებით, პარლამენტში მალე დაიწყება სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტის განხილვა, ხოლო, შემდეგ კი, მოხდება სავალდებულო გენდერული კვოტების თაობაზე კანონპროექტის ხელახალი ინიცირება.

ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე საუბრისას თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო დაიწყებს ორ თემატურ მოკვლევას, რაც საპარლამენტო კონტროლის ფუნქციის განხორციელების თანამედროვე და ეფექტური მექანიზმია. ერთი კვლევა შეეხება ქალთა ჩართულობას სახელმწიფო პროგრამებში, ხოლო, მეორე -პროფესიული განათლების როლს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაში.

„კვლევები სამი თვე გაგრძელდება, რის შემდეგაც ჩვენ გვეცოდინება რა დავალებები უნდა მივცეთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს“, - განაცხადა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე თამარ ჩუგოშვილმა პროექტის „Women Empowerment Network - WEN” მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა.

„გირჩევთ, რომ საკუთარი თავის გჯეროდეთ - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. გჯეროდეთ საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების და დაისახეთ დიდი მიზნები“ - ასე მიმართა შეხვედრის დასასრულს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა პროექტის მონაწილეებს.

პროექტი Women Empowerment Network - WEN, რომელიც საქართველოში „პროგრესის ცენტრის“ ინიცირებითა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს შექმნას ლიდერ ქალთა ქსელი, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდა ქალებს შეიძინონ წარმატებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები და გამოცდილება.

ტეგები