"სამი თვის ორსული და ორი წლის ასაკის ბავშვის დედა სამსახურიდან გამათავისუფლა სალომე ზურაბიშვილმა"
ამობეჭდვა · 15 / 02 / 2019 10:35
"სამი თვის ორსული და ორი წლის ასაკის ბავშვის დედა სამსახურიდან გამათავისუფლა სალომე ზურაბიშვილმა"

"საქმე მაქვს ასეთ პარადოქსულ სიტუაციასთან: სამი თვის ორსული და ორი წლის ასაკის ბავშვის დედა სამსახურიდან გამათავისუფლა არასამთავრობო ორგანიზაციის (სამოქალაქო განვითარების სააგენტოს − სიდას) აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა. პარადოქსის არსი კი ის არის, რომ ორგანიზაცია სიდა, სადაც მე 2015 წლის დეკემბრიდან ვმუშაობ, აქტიურად საქმიანობს ქალთა გაძლიერების კუთხით და მისი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებებია, მათ შორის: გენდერული თანასწორობა, ქალთა გაძლიერება და ადამიანის უფლებები. გარდა ამისა, სიდა აღნიშნულ თემებზე ორგანიზებას უწვევს შეხვედრებსა და კონფერენციებს და ატრენინგებს სხვა ორგანიზაციებს დასაქმების ადგილას ქალთა გაძლიერებისა და მათი უფლებების დაცვის საკითხებზე.

დაახლოებით ერთი თვეა ვცდილობ, ორგანიზაციაში გავარკვიო სამსახურიდან ჩემი გათავისუფლების რეალური (ნამდვილი) მიზეზები, რადგან ვთვლი, რომ საქმე მაქვს ორმაგ სტანდარტთან და ჩემ მიმართ უსამართლო მოპყრობასთან, მაგრამ უშედეგოდ. მიმაჩნია, რომ უხეშად დაირღვა ჩემი შრომითი და არა მხოლოდ შრომითი უფლებები.

აღსანიშნავია ასევე, რომ ჩემი საკითხის კვლევისა და უფლებების დაცვის პროცესში ორგანიზაცია სიდაში რამდენიმე დღის წინ წავაწყდი ისეთ სავარაუდო დარღვევებს, რომლებზედაც იქ მუშაობის 3 წლის განმავლობაში წარმოდგენა არ მქონდა. მაგალითად: 1) აღმოვაჩინე, რომ ორგანიზაციის საქაღალდეებში ინახებოდა ჩემი სახელით დადებული შრომითი ხელშეკრულებების მთელი რიგი, საიდანაც მე მხოლოდ ერთ ხელშეკრულებაზე მაქვს ხელი მოწერილი, დანარჩენ შრომით ხელშეკრულებებზე კი სხვა პირის ხელმოწერებია; 2) შემოსავლების სამსახურში ფიქსირდება, რომ ორგანიზაცია სიდას ჩემთვის შრომის ანაზღაურების სახით თითქოს გადახდილი აქვს თანხა, რომელიც დაახლოებით 35 000 ლარით მეტია, ვიდრე ის თანხა, რომელიც მე სიდაში მუშაობისას რეალურად ხელფასის სახით მივიღე; ამას ადასტურებს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი და შესაბამისი ამონაწერი იმ ბანკიდან, სადაც ხელფასი მერიცხება.

აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე სიდას აღმასრულებელ დირექტორს და მმართველობის ორგანოს − გამგეობის წევრებს. ამის შესახებ იციან ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებმაც.

ამ პროცესების მიმდინარეობისას ინფორმაცია მოიძია და თავისი საკითხის თაობაზე სავარაუდო დარღვევა აღმოაჩინა ჩემმა თანამშრომელმა, ნაზი ბურდულაძემაც; კერძოდ, 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით ნაზი ბურდულაძის სახელით დადებულია და სიდას დონორისთვის მიწოდებულია შრომითი ხელშეკრულება, რომელზედაც ნაზი ბურდულიძის ხელმოწერის ნაცვლად ხელი აქვს მოწერილი სხვა ადამიანს. პროტესტის ნიშნად ორგანიზაცია სიდა თავისი სურვილით დატოვეს ნაზი ბურდულაძემ და სხვა ხუთმა თანამშრომელმა.

ორგანიზაციაში შეიქმნა მწვავე კრიზისი. ჩემთვის არადამაკმაყოფილებელია ის პასუხები, რომლებსაც ამ დროის განმავლობაში ზემოაღნიშნულ საკითხებზე სიდას აღმასრულებელი დირექტორისგან ვიღებ და მის, როგორც ორგანიზაცის ხელმძღვანელის, მიმართ მაქვს სრული და საფუძვლიანი უნდობლობა. აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სიდას ერთ-ერთმა დონორმა სიდასთან უკვე შეწყვიტა პროექტი.

აქვე ისიც უნდა დაემატოს, რომ აღმასრულებელმა დირექტორმა ზემოხსენებული სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაცია შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მიაწოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა და ეს სიდას გამგეობის წევრებმა და სხვა თანამშრომლებმა მოითხოვეს.

ახლახანს სიდას აღმასრულებელმა დირექტორმა ელ-ფოსტით გვაცნობა, რომ სიდას რუსთავის ოფისში არსებული ორიგინალი დოკუმენტები გატანილია ოფისიდან და ელექტრონული ფაილების ნაწილი წაშლილია. ჩვენი აზრით, არის იმის საფრთხე, რომ სხვა საჭირო დოკუმენტაციაც დაიკარგოს. ამიტომ, ვასაჯაროებთ ამ ინფორმაციას. ამ საქმის გახმაურება ახლა უკვე უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი ყოფილი თანამშრომლისათვის, ნაზი ბურდულაძისათვის", - წერს სოცქსელში "სიდას" ყოფილი თანამშრომელი ლიკა კასრაძე.

თავის მხრივ სიდა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა განცხადება:

"არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-მ 2015 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით განახორციელა ევროკავშირის, აშშ მთავრობის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის, ღია საზოგადოების ფონდების მიერ დაფინანსებული პროექტები, რომელთაც უზრუნველყვეს მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა მთელ რიგ საზოგადოებისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს მიღწევები და ვინარჩუნებთ საზოგადოებასთან, დაინტერესებულ პირებთან, პარტნიორებთან, და სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან გამჭვირვალე ურთიერთობასა და ეფექტურ კომუნიკაციას მიმდინარე არაერთი საგრანტო პროგრამის განხორციელების პარალელურად.

2018 წლის მარტის ბოლოს აღმასრულებელი დირექტორის შეცვლის შემდეგ, ჩემი ხელმძღვანელობით, ახალმა მენეჯმენტმა განახორციელა რიგი ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტურ მართვას და უსაფრთხოებას. სისტემური ცვლილებების პროცესი მიმდინარეობს დღესაც და კვლავაც ვასრულებთ პირობას საზოგადოების წინაშე, გამჭვირვალედ უზრუნველვყოთ ინფორმაციის მიწოდება ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

2019 წლის იანვრის ბოლოს თანამშრომლის მომართვის საფუძველზე, დაფიქსირდა ფინანსური გადაცდომის რამდენიმე ფაქტი, რაც მიუთითებს ფინანსური რესურსების შესაძლო არასწორ ან არამიზნობრივ განკარგვაზე. შიდა მოკვლევის წინასწარი შედეგებით შესაძლო ფინანსური დარღვევები მოიცავს 2015 წლის ბოლოდან 2018 წლის დასაწყისამდე პერიოდს. კერძოდ, ჩემი, როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, კონკურსის წესით დანიშვნის ეტაპამდე. აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე, მე, არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა დაუყოვნებლივ ვაცნობე ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს, გამგეობას და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს. არსებული ფინანსური გადაცდომის სახით დანაშაულებრივი ქმედების გამორიცხვის მიზნით, მივმართე საგამოძიებო ორგანოებს, კერძოდ კი საქართველოს პროკურატურას, მივაწოდე ამჟამად არსებული ინფორმაცია, რათა ამ უკანასკნელმა, შეხედულებისამებრ, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს გამოძიებისა და მოკვლევის წარმოება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში ჩატარებული ფინანსური აუდიტებითა და 2018 წელს საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ ჩატარებული აუდიტით რაიმე სახის ხარვეზი ორგანიზაციაში არ ფიქსირდებოდა. თუმცა, აღნიშნული მოვლენების გათვალისწინებით, ასევე დავიწყეთ საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორული კომპანიის შერჩევის პროცესი, რომელიც გამოიკვლევს კონკრეტულად ზემოთ აღნიშნულ შესაძლო ფინანსურ გადაცდომებს.

აქვე ხაზგასმით დავძენ, რომ ორგანიზაციისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ფინანსური გადაცდომა. ჩვენ გვაქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა უპირველეს ყოვლისა საზოგადოებასთან, ბენეფიციარებთან, რომელთა უფლებებს ორგანიზაცია წლებია იცავს, ასევე დონორ ორგანიზაციებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

მზად ვარ ვითანამშრომლო მედიასთან და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, რათა მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით ღიად და დროულად მივაწოდო მათთვის საინტერესო ინფორმაცია", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.