საქართველოს ბანკი, დეველოპერული კომპანია "რედკო" და სამშენებლო კომპანია "ანაგი" თანამშრომლობას იწყებენ
ამობეჭდვა · 15 / 02 / 2019 13:02
საქართველოს ბანკი, დეველოპერული კომპანია "რედკო" და სამშენებლო კომპანია "ანაგი" თანამშრომლობას იწყებენ

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, დეველოპერულ კომპანია „რედკოსთან“ და სამშენებლო კომპანია „ანაგთან“ თანამშრომლობის შესახებ განაცხადა.
აღნიშნული თანამშრომლობა გულისხმობს წამყვანი ბანკის მხრიდან ამ კომპანიებთან ფინანსურ პარტნიორობას, რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ტურიზმის განვითარების მიზნით.
 
„რედკოსა“ და „ანაგს“ შორის პარტნიორობის შედეგად მომდევნო 5 წლის მანძილზე, კომპანია „ანაგი“ განახორციელებს დეველოპერული კომპანია „რედკოს“ მიმდინარე და ახალ პროექტებს.
 
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკი განაგრძობს სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. საკმაოდ საინტერესო პარტნიორობას ჩაეყარა დღეს საფუძველი და აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ვფიქრობთ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სიახლეები განხორციელდება, როგორც რეგიონის, ისე ადგილობრივი სამშენებლო სექტორისა და ტურიზმის განვითარების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორი და მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი განაგრძობს კერძო სექტორის მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ვასილ ხოდელმა.
 
„რედკო“ ზრუნავს საქართველოს ტურისტული რეგიონების განვითარებაზე. ახლა კი ამას პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს. გენერალური გეგმის მიხედვით, „რედკო“ გუდაურში 26 შენობას აშენებს, რაც მოიცავს აპარტ-ოტელებს, სხვადასხვა გასართობ და რეკრეაციულ ცენტრს, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რამდენიმე სასტუმროს, მათ შორის, „რედისონ ბლუ გუდაურს“. ასევე, 2019 წლის გაზაფხულისთვის „რედკო“ გეგმავს ბათუმში საერთაშორისო ბრენდ Le Meridien-ის სასტუმროს გახსნას. ამ პროექტის განსახორციელებლად „რედკომ“ 80 მილიონი ლარის ინვესტიცია გამოყო“, - განაცხადა მალხაზ კუნელაურმა, „რედკოს“ გენერალურმა დირექტორმა.
 
„ანაგი 30 წელია, ქართულ ბაზარზე ოპერირებს და სამშენებლო სექტორში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. კომპანიას უკვე განხორციელებული აქვს 250-ზე მეტი სამშენებლო პროექტი, რომელთაგან აღსანიშნავია „გალერია თბილისი“, „ისთ ფოინთი“, ბათუმის „ჰილტონი“, თბილისი „გარდენსი“. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ წარმატებულ კომპანიებთან პარტნიორობა, როგორებიც „რედკო“ და საქართველოს ბანკია. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა ბევრ საინტერესო პროექტს ჩაუყრის საფუძველს, რაც რეგიონული ბიზნესის სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ირაკლი გოგოლაშვილმა, „ანაგის“ გენერალურმა დირექტორმა.