საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა ​გაიმართა
ამობეჭდვა · 15 / 02 / 2019 17:47
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა ​გაიმართა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა არანაკლებ 200000 ამომრჩევლის ინიციატივით საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს.

საინიციატივო ჯგუფი გეგმავს არანაკლებ 200000 ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება საარჩევნო სისტემის შეცვლის თაობაზე და ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს უკვე 2020 წლიდან და არა 2024 წლიდან, რასაც კონსტიტუციის ახლანდელი რედაქცია ითვალისწინებს (შესაბამისი გარდამავალი მუხლით).

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, საინიციატივი ჯგუფს კომიტეტისგან გადაეცემა სარეგისტრაციო მოწმობა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუში, რის შემდეგაც მათ ოთხი თვე ექნებათ შეაგროვონ და პარლამენტს წარუდგინონ ამომრჩეველთა ხელმოწერები.

კომიტეტმა განხილა საქართველოს პარლამენტის წევრების: ირინე ფრუიძის, თამარ ჩუგოშვილის, გიორგი კახიანის, კახაბერ კუჭავას, გუგული მაღრაძის, ეკა ბესელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი.

როგორც მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა ირინე ფრუიძემ განაცხადა, ეთიკის კოდექსის მიზანია, სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე დაკისრებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, დაადგინოს საქართველოს პარლამენტის წევრების მაღალი ეთიკური სტანდარტები, ხელი შეუწყოს პარლამენტისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებას და პარლამენტის წევრების მიერ მათი მოვალეობების ღირსეულად და კეთილსინდისიერად შესრულებას.

საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებისას პარლამენტის წევრმა უნდა იხელმძღვანელოს ძირითადი პრინციპებით: კანონიერება და ერთგულება, თანასწორობა, კეთილსინდისიერება, ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობა. 

საკითხის მუხლობრივად განხილვის შემდეგ დეპუტატებმა წარმოდგენილ დადგენილების პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.

დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტიც. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, და ეთიკის კოდექსის პროექტის მე-6 მუხლის მიხედვით საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ეთიკის საბჭოს შექმნის თაობაზე დადგენილების მიღება. დადგენილების მიღების შედეგად, შეიქმნება ეთიკის საბჭო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის აღსრულება.

გიორგი კახიანის განმარტებით: „როცა პარლამენტი მიიღებს ამ დადგენილებას ამის შემდეგ საპროცედურო კომიტეტი დაადგენს პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს, რომლის გათვალისწინებითაც ფრაქციები წარადგენენ შესაბამის კანდიდატურებს“. მისი განმარტებით პროპორციული კვოტების პრინციპი არის ის, რომ უმრავლესობა არ შეიძლება იყოს წარმდგენილი ეთიკის საბჭოს უმრავლესობაში. კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი აღნიშნულ დადგენილებას.

პარლამენტის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტის რეგლამენტის პროექტი. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განსაზღვრულია ნორმა, რომლის მიხედვით, პარლამენტი ამტკიცებს საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წარდგენილ დაგროვების კოეფიციენტის განაკვეთს. წარმოდგენილი ცვლილების შედეგად კი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 167-ე მუხლს ემატება მე-5 პუნქტი, რომლის მიხედვით, განისაზღვრება პარლამენტის უფლებამოსილება ყოველი წლის საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცოს საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წარდგენილი დაგროვების კოეფიციენტის განაკვეთი. მომხსენებლის თქმით, აღნიშნული შესაბამისობაში მოვა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ანალოგიურ ცვლილებასთან. კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტის პროექტის განხილვის გაგრძელებას „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებებთით გათვალისწინებულ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად. 

კომიტეტის სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით განიხილეს პარლამენტის წევრების: გიორგი კახიანის, გურამ მაჭარაშვილის, კარლო კოპალიანის და ალექსანდრე ერქვანიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტის მიხედვით „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში გაფართოვდება და დაზუსტდება იმ პირთა წრე, რომელთათვისაც სავალდებულოა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება. ასევე, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შერჩევის პროცედურა გახდება უფრო მოქნილი. პარლამენტის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, - ცვლილება განპირობებულია კანონით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა წრის გაფართოვება-დაკონკრეტების საჭიროებით, რათა არ მოხდეს ზოგიერთი თანამდებობის პირის დეკლარაციის შევსების ვალდებულების მიღმა დარჩენა. ასევე, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შერჩევის პროცედურა გახდეს უფრო მოქნილი. საკითხის განხილვაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები. დეპუტატები ხანგრძლივად განიხილავდნენ კანონპროექტის პრინციპებს. გამოითქვა მოსაზრებები შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კომიტეტმა დღეს განიხილა, იყო დებულების პროექტი „საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს, რომ ბიუროებისათვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალების შესაძენად ერთჯერადად გამოყოფილი თანხის ნაწილობრივ აუთვისებლობის შემთხვევაში აღნშნული თანხა (საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთი) გამოყენებული იყოს ბიუროების მიერ ხარჯების ასანაზღაურებლად. წარმოდგენილ საკითხებს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

ამის შემდეგ გიორგი კახიანმა კოლეგებს წარმოუდგინა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2019 წლის სამოქმედო გეგმა, რომელსაც დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.