აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის ზამთრის პირველი აკადემია დასრულდა
ამობეჭდვა · 16 / 02 / 2019 10:28
აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის ზამთრის პირველი აკადემია დასრულდა

11-15 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის აპარატის ინიციატივით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის ზამთრის პირველი აკადემია ჩატარდა. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)მიერ მხარდაჭერილ ღონისძიებაზე საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვის, უკრაინისა და ბელორუსის პარლამენტის აპარატის თანამშრომლები კვლევით მიმართულებებზე გერმანიის ბუნდესტაგის და ევროპული ქვეყნების გამოცდილებას გაეცნენ.

ზამთრის აკადემია სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა. პარლამენტის აპარატის უფროსმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების და ბუნდესტაგის ექსპერტ-ტრენერებმა ექვსივე ქვეყნის აპარატის თანამშრომლებს ზამთრის აკადემიაში მონაწილეობის მიღების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.

პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ ღონისძიების მონაწილეებს ზამთრის აკადემიის წარმატებით დასრულება მიულოცა და საქართველოს პარლამენტის აპარატის ინიციატივით შექმნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატების ქსელის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ზამთრის პირველი აკადემია ინტერაქტიულად და მონაწილეებისთვის საინტერესო საკითხების გაცნობით წარიმართა. პარლამენტების აპარატის თანამშრომლები კვლევით მიმართულებებზე გერმანიის ბუნდესტაგის და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას და მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ აკადემიის დიდი ნაწილი პრაქტიკული ხასიათის სამუშაოებს დაეთმო, რომლის ფარგლებში იმ უნარების დახვეწა და განვითარება მოხდა, რაც გერმანელმა ტრენერებმა მონაწილეებს შესთავაზეს. ზამთრის აკადემიის წარმატებულად ჩატარებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატების ქსელის მნიშვნელობასა და მისი სამომავლო განვითარების აქტუალობაში“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატების თანამშრომლებისთვის ზაფხულის აკადემიის გამართვა ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში იგეგმება, რომელიც პარლამენტის საზედამხედველო კონტროლის ფუნქციების გაძლიერების საკითხებს და არსებული გამოცდილებების გაზიარებას დაეთმობა.
 

ტეგები