23 სართულიან კორპუსში, სავარაუდოდ, ლიფტის ბაგირი გაწყდა
ამობეჭდვა · 16 / 02 / 2019 10:15
23 სართულიან კორპუსში, სავარაუდოდ, ლიფტის ბაგირი გაწყდა

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, 23 სართულიან კორპუსში, სავარაუდოდ, ლიფტის ბაგირი გაწყდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ადგილზე მაშველები მუშაობდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კორპუსის მაცხოვრებლები ყვებიან, რომ ხმაური ლიფტის ერთ-ერთი დეტალის ვარდნამ გამოიწვია და სამაშველო სამსახურში დარეკეს.

''ლიფტი ზემოთ არის, ქვემოთ რაღაც არის ჩამოვარდნილი. სამგზავრო ლიფტი იყო. სასწრაფო გამოვიძახეთ გვეგონა, რომ ლიფტში ბავშვი იყო, მაგრამ საბედნიეროდ ასე არ აღმოჩნდა'' - უთხრა "აჭარის მაუწყებელს" ნოდარ ზოიძემ, რომელიც აღნიშნულ კორპუსში ცხოვრობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

მრავალსართულიან კორპუსში ათობით ოჯახი ცხოვრობს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, ბათუმის მერიას ჩაბარებული აქვს თუ არა სახლი. მაუწყებელი ინფორმაციას აზუსტებს.

ბათუმში ლიფტების უსაფრთხოებას ცალკე სტრუქტურა არ ამოწმებს. ამხანაგობას ევალება ჰყავდეს კონტრაქტორი კომპანია, რომელიც უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, კი პროცესში აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება ერთვება.

ბათუმში, გასულ წელს ლიფტის ჩავარდნის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

წყარო: ajaratv.ge

ტეგები