ევროპასთან ინტეგრაციის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა გარემოს დაცვის კუთხით ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინეს
ამობეჭდვა · 18 / 02 / 2019 19:15
ევროპასთან ინტეგრაციის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა გარემოს დაცვის კუთხით ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინეს

ევროპასთან ინტეგრაციის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ გარემოს დაცვის მიმართულებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში მოისმინეს.

სხდომაზე საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გამოიტანა და დეტალურად ისაუბრა სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ, რომლებიც გამომდინარეობს ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებიდან. მისი განცხადებით, ამ ხელშეკრულებიდან გარემოს მიმართულებით საკმაოდ მრავალფეროვანი დავალებებია განსაზღვრული და სამინისტრო მათ შესასრულებლად ყველა ღონეს მიმართავს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტროში მუშაობენ საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და დახვეწაზე, ვინაიდან საკანონმდებლო სფერო ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებას მოითხოვს.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მუშაობა მიმდინარეობს რამდენიმე აქტუალურ საკითხზე, მათ შორის: აკვაკულტურის მიმართულებით კანონმდებლობაზე; მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების კომპონენტი და ამ მიმართულებით მონიტორინგისა და ანგარიშგების სისტემის დანერგვის საკითხი; სატყეო საკითხი; ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიმართულება; ინტეგრირებული სანებართვო ვალდებულებების დანერგვა. მისივე თქმით, უკვე ამ კვირაში პარლამენტს წარედგინება ტყის კოდექსის პროექტი, რომელიც მთავრობაში უკვე მოწონებულია.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე სრულიად იცვლება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საკითხისადმი მიდგომა - მოთხოვნაა, რომ გარემოსათვის ზიანის მიმყენებელი ვალდებულია თვითონ განახორციელოს გარემოს აღდგენითი ღონისძიებები. მისი თქმით, ამ მიმართულებით კანონპროექტის განახლებული ვერსია პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე იქნება წარმოდგენილი.

მომხსენებლის განცხადებით, ევროკავშირის დირექტივებიდან გამომდინარე, უმთავრესი არის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, ვინაიდან თითქმის ყველა მიმართულებით ძირეული რეფორმებია განსახორციელებელი.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მინისტრის მოადგილემ ამომწურავად უპასუხა როგორც პარლამენტართა, ასევე სხდომაზე დამსწრე არასამთავრო ორგანიზაციების წარმომადგენელთა კითხვებს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავასგანცხადებით, დღევანდელ სხდომაზე გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომლებზეც კომიტეტს აუცილებლად ექნება რეაგირება, მათ შორისაა კონკრეტული პრობლემა, რომელიც გუდამაყრის ხეობას ეხება და პროექტი ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებით. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სავარაუდოდ, ორი საკომიტეტო მოსმენა დაინიშნება, ერთი ნებართვებთან დაკავშირებით, მეორე - ზოგადად ჰესებთან მიმართებაში.

„ვფიქრობ, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან ერთად გავმართოთ გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენა ჰესებთან დაკავშირებით, რადგან როგორც ჩანს საკმაოდ პრობლემური ხდება გარემოს მიმართულებით ეს საკითხი და მიგვაჩნია, რომ საჭიროა ამ ნაწილში ჩვენც ჩავერთოთ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.