აგრარულ საკითხთა კომიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინეს
ამობეჭდვა · 18 / 02 / 2019 19:46
აგრარულ საკითხთა კომიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სსიპ-ის სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსს ზურაბ ჩეკურაშვილს მოუსმინეს, რომელმაც კომიტეტის წევრებს გააცნო სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ეფექტურობის, ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის, მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. 

მომხსენებლმა, კერძოდ, ისაუბრა აღნიშნული სამივე მიმართულებით 2018 წელს ჩატარებული ღონისძიებების შესახებ და მიმდინარე წლის გეგმებზე. 

ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, უნდა აღინიშნოს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო წლიდან წლამდე აძლიერებს კონტროლის მექანიზმებს, რაც ბოლო წლების მონაცემებით დასტურდება. კონტროლის დინამიკა რომ სახეზეა, ამაზე მხოლოდ ერთი მონაცემიც მეტყველებს: თუ კი 2012 წელს განხორციელდა 444 სახელმწიფო კონტროლი, 2018 წელს ამ რიცხვმა 25 706-ს მიაღწია. 

მომხსენებლის ინფორმაციით ყველაზე საჭირბოროტო თემა სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების მდგომარეობას უკავშირდება. 2012 წელს განხორციელებული იყო 11 სახელმწიფო კონტროლი ბაღებში, შარშან კი ამ რიცხვმა 4700-ს გადააჭარბა. 

„საქართველოში აბსოლუტურად ყველა ბაღი შემოწმებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მკვეთრად არის გაუმჯობესებული სანიტარული პირობები ბაღებში. ჩვენი შესვლით ბაღებმა ჩაატარეს და მოაწესრიგეს ჰიგიენა. ყველა ბაღში არის ცივი და ცხელი წყალი, როცა ეს იყო მნიშვნელოვანი პრობლემა. გამოცვლილია ჭურჭელი, ჩატარებულია კვების ბლოკებში მომსახურე პერსონალის ტრენინგი და ა. შ. 2018 წელს საბავშვო ბაღებში 4772 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა და აქედან გამოვლინდა 125 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, თბილისში - 38, რეგიონებში - 87. მათ შორის იყო 4 შემთხვევა ცხენის ხორცთან დაკავშირებით, რაზეც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მყისიერი რეაგირება გაატარა. რაც შეეხება სკოლებს, 2018 წელს სკოლაში ჩატარდა 971 ინსპექტირება. აქაც მდგომარება გაუმჯობესებულია ვიდრე წინა წლებში“, - აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

ზურაბ ჩეკურაშვილის თქმით, საზოგადოების მაღალ ინტერესს წარმოადგენს ასევე ტყვიის შემცველობა სურსათში. განხორციელებული ზომების შედეგად, შარშან შემოწმებული ნიმუშების მხოლოდ 2%-ში გამოვლინდა ტყვია, მაშინ, როდესაც წინა წელს ეს რიცხვი 17,5%-ს შეადგენდა. „მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელს ტყვიის შემცველობა ნორმას არ აღემატებოდა ბავშვთა კვების პროდუქტებში, ასევე თევზში, პურ-პროდუქტებში, ბურღულეულსა და ბოსტნეულში. ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა არ გამოვლინდა ხორცის ნიმუშებში, ხოლო დადგენილ ნორმაში შეუსაბამობა გამოვლინდა ნედლი რძის 15 ნიმუშში და სუნელების 8 ნიმუშში“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა. 

მისი თქმით, სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს სურსათის უვნებლობა წარმოადგენს და სააგენტო ამ მიმართულებით საქმიანობის კიდევ უფრო გააქტიურებას გეგმავს.

მომხსენებლის განცხადებით, სახელმწიფო დიდ რესურს ხარჯავს ცხოველთა ჯანდაცვისა და ეპიზოოტური კეთილსაიმედოობის მიზნითაც და ჩვენი ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის სტერილური ქვეყნის სტატუსისკენ. 

მომხსენებელმა თავის გამოსვლაში მცენარეთა დაცვასაც დაუთმო ყურადღება და განსაკუთრებით დეტალურად აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. 

მოგვიანებით, ამ საკითხზე განმარტებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმაც გააკეთა და განაცხადა, რომ ეს საკითხი კომპლექსურია და იგი სამთავრობო დონეზეა ასული. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების პროცესს ამიერიდან კოორდინაციას სპეციალური სახელმწიფო კომისია გაუწევს. ამ პროცესში კიდევ უფრო გაძლიერდება მუნიციპალიტეტების ჩართულობაც. 

შემდეგ მინისტრის მოადგილემ, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა და სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრთა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხეს. 

კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას შეფასებით, როდესაც საკითხი ეხება სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ დარღვევებს ბაღებსა და სკოლებში, სახელმწიფო უნდა იყოს მკაცრი და პირველივე შემთხვევაში, შესაბამისად, უმკაცრესი ზომები განახორციელოს და სისხლისსამართლებრივი საკითხი დასვას. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებენ. 

სხდომაზე ასევე დაისვა საკითხი შემოწმებათა რაოდენობის გაზრდის აუცილებლობაზე, თუმცა სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, არსებული ადამიანური რესურსითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით ამის მიღწევა არც ისე იოლია. „სააგენტოს სამივე მიმართულებით 250-მდე ინსპექტორი ჰყავს, ქვეყანაში 45 ათასამდე საწარმოა რეგისტრირებული და ევროპულ სტანდარტებს რომ მივაღწიოთ, 650-700-მდე ინსპექტორი მაინც უნდა იყოს“, - განაცხადა სააგენტოს უფროსმა. 

სხდომაზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელიც ლაბორატორიის დირექტორმა ირაკლი გულედანმა წარმოადგინა.

დასასრულ, კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაციები ცნობად მიიღო.