პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა
ამობეჭდვა · 19 / 02 / 2019 20:25
პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა

პარლამენტის 19-22 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა დეპუტატების განცხადებებს დაეთმო.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ოთარ კახიძემ სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და „ევროპული საქართველოს“ მიერ დარეგისტრირებულ ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, აუცილებელია, რომ უზენაესი სასამართლოს წევრების უვადოდ არჩევის პროცესში მნიშვნელოვნად გაიზარდოს პარლამენტის როლი და ჩართულობა.

პარლამენტის წევრმა, ნინო გოგუაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დეზინფორმაციის და პროპაგანდის თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასული წლის ანგარიშში ცალსახად იყო მითითებული, რომ უცხო ქვეყნების საქმიანობა საქართველოში მიმართულია ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებისკენ.

„ვფიქრობ, რომ ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს სახელმწიფოს ყველა უწყებამ. ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, მუშაობენ სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები და პარლამენტს აქვს თავისი მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია აღებული და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი არაერთი ფორმატით ჩართულია აღნიშნულ პროცესებში. თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნით კომიტეტი შეძლებს ამ საკითხს ჩაუღრმავდეს, მოიკვლიოს და გაანალიზოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც დეზინფორმაციის და პროპაგანდის კუთხით არის ქვეყანაში დაგროვებული“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა თავის გამოსვლაში საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი კანდელაკის მიერ ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა.
„მინდა გამოვეხმაურო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, რომელიც გუშინ დასრულდა და გუშინვე ჩვენ მოვისმინეთ გიორგი კანდელაკის ბრიფინგი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არ გამოიყენა საქართველოს დელეგაციამ შესაძლებლობა ფორუმზე და არ გაახმოვანა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები. შევთანხმდეთ და ნუ შევეჯიბრებით ერთმანეთს თუ ვის უფრო მეტად აღელვებს ტერიტორიების დეოკუპაცია და კიდევ უფრო მეტად ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ბედი და ძალიან მძიმე მდგომარეობა. გასაგებია, რომ ეს არის თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგი, თუმცა მგონია, რომ ყველა თემაზე სპეკულაცია არ არის სწორი. ამდენი წლის მანძილზე ამ თემაზე ხელისუფლების მუდმივად კრიტიკა არის თქვენი ნარატივი, თუმცა ჩემი რჩევა იქნება ეს ნარატივი განაახლოთ, რომ უფრო ახლოს იყოთ რეალობასთან. როდესაც საქმე ეხება ტერიტორიების დეოკუპაციას, დამერწმუნეთ, თქვენც და საზოგადოებას მივმართავ, ჩვენ თავი სამართლებელი ნამდვილად არ გვაქვს. ეს არის ის საკითხი, რასაც სჭირდება ძალინ დიდი პასუხისმგებლობა, სიფრთხილე და ადეკვატურობა, ზუსტად ასე ვუდგებით ჩვენ ამ საკითხს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

დაგროვებითი საპენსიო სისტემის არსებული მოდელის კრიტიკას დაეთმო საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის გამოსვლა. მისი განცხადებით, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული სქემა პენსიონერებს ღირსეული პენსიით ვერ უზრუნველყოფს და მოქალაქეების დაგროვებით სისტემაში ჩართვა იძულებით განხორციელდა. მისივე შეფასებით, არსებული საპენსიო სქემა კიდევ უფრო გაზრდის უმუშევრობას და გააღრმავებს სიღარიბის მაჩვენებელს. ზურაბ ჭიაბერაშვილმა კოლეგებს „ევროპული საქართველოს“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია გააცნო და აღნიშნა, რომ დაგროვებითი საპენსიო სქემის გადავადების საკითხებზე ისაუბრა.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის კრიტიკულ გამოსვლას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ უპასუხა.

„ჩვენ მოვისმინეთ კლასიკური მაგალითი მითების და მცდარი ინფორმაციის ოსტატურად შეზავებული კორიანტელი. დაგროვებითი საპენსიო რეფორმა მომავალზეა გათვლილი, რომლის გარეშეც მიგვაჩნია, რომ ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს მუშაობს და 20-25 წლის შემდეგ გავა პენსიაში. ამ რეფორმას ალტერნატივა არ გააჩნია“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, რომან გოცირიძემ და სალომე სამადაშვილმა განცხადებებისთვის განკუთვნილი დრო „თი ბი სი“ ბანკის ირგვლივ შექმნილ ვითარებას დაუთმეს. მომხსენებლების შეფასებით, ბანკის და ანაკლიის პორტის შესახებ მიმდინარე პროცესები ზუსტად ასახავს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას. „ამ საქმემ დაგვანახა რამხელა საფრთხის წინაშე დგას თვითოეული მოქალაქე, რომელსაც გაუქმებულ სახელმწიფოში უწევთ ცხოვრება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა კრიტიკული განცხადებები სხვადასხვა სფეროების მიმართ გააკეთეს.

აკაკი ბობოხიძე სემეკი-დან გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის წყლის გადასახადის გაზრდა იგეგმება.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ კი საგზაო-მოძრაობის წესების დარღვევის გამო დაწესებული ჯარიმები გააპროტესტა და აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც ერთი კილომეტრის რადიუსში სიჩქარის გადაჭარბებისთვის ავტომობილების მფლობელებს დარღვევის სამი ჯარიმის ქვითარი მისდის, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებას ადამიანების ჯიბეებიდან ამოღებული თანხებით ცდილობს.

ტეგები