ანრი ოხანაშვილი ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა
ამობეჭდვა · 19 / 02 / 2019 20:50
ანრი ოხანაშვილი ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე პროექტებზე, სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ საკითხებზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესზე და ასევე, კანონპროექტზე, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერებას შეეხება.

„დღეს მქონდა პირველი ოფიციალური შეხვედრა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს, ევროკავშირის ელჩთან, ბატონ ჰარცელთან. ჩვენ გვქონდა ძალიან თბილი შეხვედრა საქმეზე და შინაარსზე ორიენტირებული. პირველ რიგში, დიდი მადლობა გადავუხადე ევროკავშირს და პირადა მას საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის, მათ შორის, მართლმსაჯულების სფეროში გატარებული რეფორმების მხარდაჭერისთვის და მასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვი. ევროკავშირის ელჩმა მზადყოფნა გამოთქვა დაგვეხმაროს ჩვენ მართლმსაჯულების სფეროში კიდევ უფრო მეტი რეფორმის გატარებაში“,-აღნიშნა შეხვედრის კომენტირებისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, იგი ევროკავშირის ელჩს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესზეც ესაუბრა.

„მე მას ავუხსენი ჩვენი ხედვა, რომელიც ჯერი კიდევ პარლამენტის თავმჯდომარემ გააჟღერა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ხანგრძლივი და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ნდობა ამ პროცესისადმი. ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ ეს არის სწორი გზა, სწორი მიმართულება და მან ამ რეფორმების განხორციელებაში მხარდაჭერა აღგვითქვა“, -აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.


მისივე თქმით, შეხვედრაზე კარლ ჰარცელს დეტალურად გააცნო ის პრობლემატური საკითხები, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერებას შესახებ კანონპროექტს უკავშირდება.

„ბატონ ელჩს დეტალურად ავუხსენი თუ რაში მდგომარეობს ამ კანონპროექტის არსი და ავუხსენი ის პრობლემატური საკითხები, რომელიც უკავშირდებოდა ამ კანონპროექტს. მან მოისმინა არგუმენტები და დამეთანხმა იმაში, რომ ნამდვილად შეიქმნებოდა სამართლიანობის პრობლემა თუკი ჩვენ ამ კანონპროექტს მხარს დავუჭერდით, ვინაიდან თუ ადამიანი არის კეთილსინდისიერი და პროფესიონალი და სულ ახლახან შევიდა სასამართლო სისტემაში და დაინიშნა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით, რა უფლებით შეგვიძლია ჩვენ მას შევუზღუდოთ უფლება დაინიშნოს უვადო წესით. ასევე, არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციას, სამართლიანობას და ეს პოზიციები მე მას გავუზიარე“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კომიტეტია საკანონმდებლო ორგანოში და მასთან თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით კვლავ გაგრძელდება.

„ეს იყო ძალიან კარგი, პირველი ორმხრივი შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალ თავმჯდომარესთან. გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა სხვადასხვა საკითხზე. როგორც ჩემთვის, ასევე, ევროკავშირისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კომიტეტია პარლამენტში, იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს გამო, რომელიც მან უნდა განახორციელოს. ჩვენ, ევროკავშირი, მხარს ვუჭერთ ბევრ პროექტს - გვქონდა დისკუსია ამ საკითხის შესახებაც. დავადასტურეთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება სხვადასხვა მიმართულებით. ვისაუბრეთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე. ასევე, შევეხეთ მოსამართლეთა შერჩევის პროცედურას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. სწორად უნდა წარიმართოს შერჩევის კრიტერიუმების დადგენის პროცესი, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლიანობა, გამჭვირვალობა და სანდოობა პროცესის ფარგლებში. ჩვენ პარლამენტთან ვსაუბრობთ ამ საკითხზე და გავაგრძელებთ აქტიურ ჩართულობას რჩევების, წინადადებებისა და იდეების შემოთავაზების კუთხით“-განაცხადა კარლ ჰარცელმა.
 

ტეგები