1 ივლისიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე საათობრივი პარკირების საპილოტე მოდელი ამოქმედდება
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2019 14:30
1 ივლისიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე საათობრივი პარკირების საპილოტე მოდელი ამოქმედდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქი ზონალურ საათობრივი პარკირების სისტემაზე გადავა.

მისი თქმით, პირველი არეალი, სადაც ის გავრცელდება, კოტე აფხაზის და მიმდებარე ქუჩები იქნება. შემდეგ კი საბურთალოს რაიონში რამდენიმე ქუჩა.

როგორც კალაძე განმარტავს, საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც მობილური აპლიკაციით, ასევე ქუჩაში დამონტაჟებული გადახდის აპარატებით. ახალი წესების თანახმად, პარკირების საფასური საათობრივად განისაზღვრება და მისი ოდენობა ზონების მიხედვით იქნება დიფერენცირებული. ამასთან, ყველა ავტომანქანა უზრუნველყოფილი იქნება დღეში 4-ჯერ უფასო 15-წუთიანი პარკირებით.

მერის ინფორმაციით, პარკირების საფასური არ შეეხებათ საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებას. გადასახადი, ასევე არ შეეხება სრულიად ელექტროძრავიან და შშმ პირების კუთვნილ ავტომანქანებს. ტაქსის მძღოლებისთვის კი გამოყოფილია სპეციალური საპარკინგე ადგილები.

„შემოსული თანხა მთლიანად სატრანსპორტო კომპანიაში იქნება აკუმულირებული და მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება. საათობრივი ტრანსპორტის ზონაში კი მუნიციპალიტეტი გააძლიერებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდებას“, - აცხადებს კახა კალაძე.

როგორც თბილისის მერი აცხადებს, პარკირების პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია მუნიციპალიტეტისთვის ქალაქში ნაკადების, საპარკინგე ადგილებზე გადაჭარბებული მოთხოვნისა და საცობების დასარეგულირებლად.

რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, კალაძის თქმით, კერძო მანქანების მომხმარებელთა მაჩვენებელი იზრდება. ამასთან, ნაკლებია საზოგადოებრივი ტრანსპორტისკენ სწრაფვა.

შემთხვევითი არ არის, როდესაც თანამედროვე ევროპული ტიპის ავტობუსების შემოყვანაზეა საუბარი.

თბილისის მერია ზონალური პარკირების წესებს დასამტკიცებლად საკრებულოს რამდენიმე დღეში წარუდგენს.
 

ტეგები