ეკა ბესელია „ევროკავშირი საქართველოსთვის EU4 Justice - სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ ხელმძღვანელს, რენატე ვინტერს და პროექტის ექსპერტს, ალეშ ზალარს შეხვდა
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2019 18:07
ეკა ბესელია „ევროკავშირი საქართველოსთვის EU4 Justice - სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ ხელმძღვანელს, რენატე ვინტერს და პროექტის ექსპერტს, ალეშ ზალარს შეხვდა

პარლამენტის წევრი ეკა ბესელია „ევროკავშირი საქართველოსთვის EU4 Justice - სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ ხელმძღვანელს, რენატე ვინტერს და პროექტის ექსპერტს, ალეშ ზალარს შეხვდა.



მხარეებმა შეხვედრაზე მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარეობაზე, მოსამართლეთა უვადოდ განწესებაზე, იუსტიციის საბჭოს საქმიანობასა და სხვა საკითხებზე უსაუბრეს.



„ქალბატონი რენატე ვინტერი და ბატონი ალეშ ზალარი არიან ევროკავშირის აღიარებული ექპერტები, რომლებიც ძალიან დიდი ხანია მუშაობენ სასამართლოს თემაზე და მართლმსაჯულების რეფორმაზე ეხმარებიან საქართველოს. ეს შეხვედრაც ეძღვნებოდა სწორედ ამ რეფორმის მიმდინარეობას და მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორიც არის: კრიტერიუმების შერჩევა მოსამართლეთა განწესებისთვის, იუსტიციის საბჭოს საქმიანობა, დისციპლინური პასუხისმგებლობა და სხვა. ვისაუბრეთ, მათ შორის, საბჭოს საქმიანობაზე, მოსამართლეთა უვადოდ განწესების საკითხებზე, რომელიც ახლა ერთ-ერთი აქტუალური თემაა“,-განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ეკა ბესელიამ.



მისივე თქმით, მოსამართლის უვადოდ განწესებას წინ უნდა უძღოდეს რეფორმები.



„ევროკავშირს აქვს რეკომენდაციები, რომ ჯერ უნდა განხორციელდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების კარგად ჩამოყალიბება, უნდა მოხდეს იუსტიციის სკოლის რეფორმა, იუსტიციის საბჭოს საქმიანობის დარეგულირება და ამ რეფორმების განხორციელების შემდეგ არის კარგი უვადოდ მოსამართლეთა განწესება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამაზე ყველა ვთანხმდებით და ეს რეკომენდაციები, რომელიც ევროკავშირს არაერთხელ აქვს გაცემული, უნდა იყოს ყურადსაღები. ეს არის ჩვენთვისაც ერთ-ერთი არგუმენტი რატომაც ვეწინააღმდეგებით მოსამართლეთა უვადოდ განწესების პროცესის გაგრძელებას იქამდე, ვიდრე არ მოხდება ამ რეფორმების გატარება“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ტეგები