ეკა ბესელია უმრავლესობის დატოვების საკითხს ხვალ გადაწყვეტს
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2019 20:03
ეკა ბესელია უმრავლესობის დატოვების საკითხს ხვალ გადაწყვეტს

დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენის შესახებ მისი გადაწყვეტილება ხვალინდელი კენჭისყრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. მის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

საუბარია 9 დეპუტატის მიერ მოსამართლეების უვადო დანიშვნის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე, რომელსაც პარლამენტი კენჭს ხვალ, 21 თებერვალს უყრის.

"ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს, რომელიც მართლმსაჯულების თემას ეხება. საკითხის კონსტიტუციურობას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, ეს საბაბია. ამის შესახებ ხვალ გვექნება მსჯელობა. მე მოვისმენ არგუმენტებს. არანაირი გადაწყვეტილება და არც მითითება, რომ მე დავტოვო უმრავლესობა, ხელმძღვანელების მხრიდან არ ყოფილა.

პირადად ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვებ თუ არა უმრავლესობას, დამოკიდებული იქნება ხვალინდელ კენჭისყრაზე. ბევრი საკითხი დაგროვდა, რომელსაც ვაკვირდებოდი. მე ეს პროცესი გავაანალიზე. ვნახოთ, როგორი იქნება განხილვის შედეგები. ამ შედეგებზე აისახება ჩემი გადაწყვეტილება. ახლა მთავარია, რას იზამს უმრავლესობა. დროებით შევაჩერებთ თუ არა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მმართველმა გუნდმა მოსამართლეებზე ეკა ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის ინიციატივაზე განაცხადა, რომ უმრავლესობა ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. განცხადების თანახმად, მმართველი პარტია მოსამართლეთა დანიშვნის წესებისა და კრიტერიუმების შემუშავების პროცესში ვენეციის კომისიას სთავაზობს ჩართვას.

"ქართული ოცნების" დღევანდელ განცხადებას უკვე უპასუხეს ინიციატივის ავტორებმა ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა.

7 თებერვალს პარლამენტის 9 დეპუტატმა პარლამენტში კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის მიხედვითაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითხოვენ. მათ სურთ, რომ რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერდეს.

11 თებერვალს ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პარლამენტს კიდევ ერთ ინიციატივას წარუდგენს, რომელიც უვადოდ უკვე დანიშნულ მოსამართლეებს შეეხება.

ტეგები