თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს ერიკ ჰოგს შეხვდა
ამობეჭდვა · 21 / 02 / 2019 14:44
თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს ერიკ ჰოგს შეხვდა

თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს, ერიკ ჰოგს შეხვდა.

ერიკ ჰოგმა მოკლედ მიმოიხილა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებზე მიმდინარე მოვლენები. ყურადღება დაეთმო კონტროლირებად გადაკვეთის პუნქტებზე უკანასკნელ პერიოდში შემოღებულ შეზღუდვებს და მათ გავლენას ახლომდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებასა და საცხოვრებელ პირობებზე.

შეხვედრაზე თამარ ჩუგოშვილმა რეგლამენტის რეფორმის შედეგად შემუშავებულ ცვლილებებსა და სიახლეებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია თუ როგორ აღმოიფხვრა საკანონმდებლო ხარვეზები და გაძლიერდა პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციები. ასევე, საუბარი შეეხო პარლამენტის როლს, საპარლამენტო მმართველობის სისტემაში და საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს და მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი დაინტერესდა პარლამენტში მიმდინარე კვლევითი ცენტრის რეფორმით და გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობით. ერიკ ჰოგმა  დასძინა, რომ ამ მიმართულებებით საინტერესო იქნებოდა თანამშრომლობა და სამომავლოდ ინფორმაციის გაცვლა. შეხვედრაზე საუბარი, ასევე შეეხო ნდობის ჯგუფის საქმიანობას, ეროვნული უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებულ საკითხებს და დეზინფორმაციასთან ბრძოლას.

მხარეები შეთანხმდნენ მისიასა და საქართველოს პარლამენტს შორის ფუნქციური თანამშრომლობისკენ მიმართულ პრაქტიკულ ნაბიჯებზე.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელმა, ერიკ ჰოგმა აღნიშნა, რომ ევროკავშირიდან საქართველოს მიმართ  ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა არსებობს.