1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღეს
ამობეჭდვა · 21 / 02 / 2019 14:56
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღეს

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძირითადი კანონი, მიღებულია 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო, მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა; საქართველოს დედაქალაქი არის ტფილისი, სახელმწიფო ენა - ქართული.

1921 წლის კონსტიტუცია გამოირჩევა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცებით. კონსტიტუცია აცხადებს კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობას და კრძალავს წოდებრივ განსხვავებებს. ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია, როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო, ეკონომიურ და საოჯახო უფლებით. გარდა მოქალაქეთა უფლებებისა, კონსტიტუცია აღიარებს ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს. 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორიისა და საქართველოს სახეწლმწიფოებრიობის განვითარებაში. მართალია, მას რეალურად არც ერთი დღე არ უმოქმედია, თუმცა იგი მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს. მისი აღდენა ორჯერ სცადეს 1990-იან წლებში. პირველად 1992 წლის 21 თებერვალს, როდესაც იგი საქართველოს სამხედრო საბჭომ აღადგინა, თუმცა მან მხოლოდ სამი დღე იმოქმედა. მეორე მცდელობა იყო 1993 წელს, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას დაევალა 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავება, მაგრამ არც ამჯერად მოხერხდა მისი აღდგენა — მის ნაცვლად მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია, რომელიც დაეყრდნო 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს.

ამის შემდეგ საქართველოში მიიღეს ოთხი საბჭოთა კონსტიტუცია 1922, 1927, 1937 და 1978 წლებში, რომლებიც წარმოადგენდნენ ტიპურ საბჭოთა კონსტიტუციებს და არაფრით განსხვავდებოდნენ რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციებისგან.

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა უზენაესი საბჭოს პირველი მრავალპარტიული არჩევნები. არჩევნებიდან სულ რაღაც 16 დღეში უზენაესმა საბჭომ უამრავი ცვლილება შეიტანა 1978 წლის ჯერ კიდევ მოქმედ საბჭოურ კონსტიტუციაში. ქვეყნის სახელწოდებიდან ამოიღეს სიტყვები „საბჭოთა სოციალისტური“ და სახელმწიფოს ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა“, შეიცვალა სახელწმიფო სიმბოლიკა, გაუქმდა კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი როლი და დასაბამი მიეცა პოლიტიკურ პლურალიზმს, გაუქმდა ისეთი ცნებები, როგორიცაა „სოციალისტური საკუთრება“, „სოციალისტური კანონიერება“, „სოციალისტური დემოკრატია“.

1991 წლის ბოლოს არაკონსტიტუციური გზით ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება საქართველოს უზენაეს საბჭოს, რესპუბლიკის პრეზიდენტსა და მთავრობას. 1992 წლის 6 იანვარს შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო (ტრიუმვირატი) და დროებითი მთავრობა. სამხედრო საბჭომ ძალადაკარგულად გამოაცხადა გარდამავალი პერიოდის კონსტიტუცია და კანონმდებლობა და 1992 წლის 21 თებერვალს მიიღო დეკლარაცია 1921 წლის 21 თებერბვლის კონსტიტუციის აღდგენის თაობაზე. იმავე წელს დაიშალა სამხედრო საბჭო და შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო. 1921 წლის აღდგენილ კონსტიტუციას კი ისეთივე ბედი ეწია, როგორიც მიღების დროს - მას არც ერთი დღე რეალურად არ უმოქმედია.