"კანონპროქტის ინიციატორებმა კარგად იცოდნენ რომ ამ კანონს არ ჰქონდა გასვლის პერსპექტივა, რადგან ეს არ იყო სამართლებრივად და შინაარსობრივად გამართული და მიზანზე ორიენტირებული"
ამობეჭდვა · 21 / 02 / 2019 20:55
"კანონპროქტის ინიციატორებმა კარგად იცოდნენ რომ ამ კანონს არ ჰქონდა გასვლის პერსპექტივა, რადგან ეს არ იყო სამართლებრივად და შინაარსობრივად გამართული და მიზანზე ორიენტირებული"

„კანონპროქტის ინიციატორებმა კარგად იცოდნენ რომ ამ კანონს არ ჰქონდა გასვლის პერსპექტივა,  რადგან ეს არ იყო სამართლებრივად და შინაარსობრივად გამართული და მიზანზე ორიენტირებული. ეს მე მაფიქრებინებს, რომ კანონპროექტის ინიციატორების მიზანი იყო, რეპუტაცია შეელახათ და უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავით უმრავლესობის ის წევრები, რომლებიც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის და გაჯანსაღებისთვის იბრძვიან“, - აღნიშნული განცხადება პლენარულ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ გააკეთა.

მისი განცხადებით, ძნელად წარმოსადგენია რაიმე საკითხი, რომელიც ისეთი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის და დემოკრატიული ნორმალური განვითარებისთვის, როგორც  საკითხები, რომელიც სასამართლო ხელისუფლებას უკავშირდება.

მან გამოსვლისას მიზეზები განმარტა, რის გამოც საპარლამენტო უმრავლესობა  მხარს არ უჭერს წარმოდგენილ კანონპროექტს.

მისი თქმით, წარმოდგენილი პროექტი არ ემსახურება რეალური პრობლემების გადაწყვეტას. „ის მოსამართლეები, რომელთა გვარებიც ძალიან ბევრჯერ გაჟღერდა დღეს, ამ დარბაზში და ვინც, საზოგადოების ძალიან სამართლიან აღშფოთებას იწვევს, უკვე დანიშნული არიან უვადოდ. საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მგონია ის, რომ დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ კანონპროექტის მხარდაჭერა მურუსიძის მხარდაჭერას ნიშნავს. ეს კანონპროექტი ამ საკითხს საერთოდ არ ეხება. ჩვენ ვსაუბრობთ იმ მოსამართლეებზე, რომლებიც ჯერ არ არიან უვადოდ დანიშნულები. სასამართლო სისტემაში არის 310 მოსამართლე და 154 მათგანი უკვე არის უვადოდ გამწესებული და მათ შორის არიან ისინი, რომელიც თქვენ და მეც ასე ძალიან გვაღელვებს“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.   

მისივე თქმით, იუსტიციის საბჭომ კანონის ინიცირების შემდგომ დანიშნა 8 მოსამართლე, რითაც ხდება მანიპულირება. „ეს 8 მოსამართლე იყო, ის ვისაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადა 15 თებერვალს გასდიოდა.  ეს გადაწყვეტილება რომ არ ყოფილიყო მიღებული მაშინ ეს მოსამართლეები სისტემის გარეთ აღმოჩნდებოდნენ, რომელთა შორის არიან ძალიან პატივსაცემი და ღირსეული მოსამართლეები“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, ასევე, არ იქნება სწორი პარლამენტმა მიიღოს კანონი და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს ამ საკითხზე. „ჩვენ ვართ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო და უნდა ვიხელმძღვანელოთ საქართველოს კონსტიტუციით“, - განაცხადა მომხსენებელმა.

თამარ ხულორდავას მიაჩნია, რომ  მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა შეაჩეროს იუსტიციის საბჭომ და არა კანონმა. მან კოლეგებს მოუწოდა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი ახალი ძალით ამოქმედდეს.

„საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის ფორმატი რომელიც არსებობს სასამართლო რეფორმაზე, არ მუშაობდა და ამის ახალი ძალით ამოქმედება და კონკრეტული შედეგების დადება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეიძლება სწრაფად, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების მონაწილეობით, უნდა გავწეროთ ძალიან კონკრეტული, მკაფიო და ნათელი  კრიტერიუმები უზენაესი სასამართლოს წევრების შერჩევისთვის. უნდა მოვემზადოთ ძალიან რთული ხანგრძლივი პროცესისთვის, რომელიც ჯერ იქნება იუსტიციის საბჭოში, რასაც ჩვენ დავაკვირდებით და შემდეგ უკვე როცა უკვე ეს კანდიდატურები იქნებიან წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ. მისი თქმით,  პარლამენტმა უმოკლეს ვადებში უნდა მოამზადოთ ის კანონპროექტები, რომელიც რეფორმის მეოთხე ტალღის ქვეშ მოიაზრება.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს წევრები სრულიად უნდა გაეთიშონ პოლიტიკურ პროცესს. „მათ ვთხოვ რომ დაკავდნენ სამოსამართლო საქმიანობით, სასამართლო სისტემის მართვით და საკანონმდებლო პროცესი მიანდონ კანონმდებლებს“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.