მამუკა ბახტაძე: ყველა პარტნიორს ვთხოვთ, გაითვალისწინოს ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2019 10:57
მამუკა ბახტაძე: ყველა პარტნიორს ვთხოვთ, გაითვალისწინოს ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია

ჩვენ ყველა პარტნიორს ვთხოვთ, რომ გაითვალისწინოს ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია და ვფიქრობ, რომ 2019 წელი იქნება მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა. 

პრემიერმა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წლისთავზე მისი საფლავი ყვავილებით შეამკო და ოჯახს თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ამასთან, მამუკა ბახტაძემ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად წარუდგენს სასამართლოს ამ სიაში შეყვანილ პირებს.

"დღეს ერთი წელი გავიდა არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან. ერთი წლის წინ საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი კიდევ ერთი მოქალაქე იმსხვერპლა. სასტიკად აწამეს, მაგრამ სულით ვერ გატეხეს. არჩილ ტატუნაშვილი არის ქართველი გმირი ისევე, როგორც გმირები არიან მისი მშობლები, რომ ასეთი ვაჟკაცი აღუზარდეს საქართველოს.

ჩვენ სწორედ ასეთი მძიმე დანაშაულების გამო შევქმენით ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია და ამ სიაში არიან შეყვანილი ბრალდებული პირები, რომელთაც საერთაშორისო სამართლით უნდა მოეთხოვოთ პასუხი. ეს სია აუცილებლად გაფართოვდება, ვინაიდან იცით, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება.

ჩვენ ყველა პარტნიორს ვთხოვთ, გაითვალისწინოს ეს სია და ვფიქრობ, რომ 2019 წელი იქნება მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით. ჩვენ ყველა პლატფორმას ვიყენებთ, რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას, იქნება ეს გაერო, ევროკავშირი თუ ეუთო.

დარწმუნებული ვარ, რომ ქართული სახელმწიფო დააყენებს მართლმსაჯულებას ამ სასტიკ დანაშაულზე. ჩვენ უნდა შევძლოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები გამოვრიცხოთ.

ეს იყო ტკივილი, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა. ქართული სახელმწიფო არჩილისნაირ გმირებზე დგას," - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან დღეს ერთი წელი შესრულდა. 2018 წლის 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა, სადაც დადგინდა, რომ მას სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნებოდა.

ინტერპოლის სამდივნოს გადაწყვეტილებით, დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი წითელი ცირკულარით ძებნილად გამოცხადდნენ.

წყარო: interpresnews.ge

ტეგები