სოფიო ქაცარავა: რუსეთს უნდა შევახსენოთ მისი ვალდებულება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2019 19:22
სოფიო ქაცარავა:  რუსეთს უნდა შევახსენოთ მისი ვალდებულება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ გამართულ დებატებში.

მისი თქმით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, ისევე როგორც ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმები არის ორი უმნიშვნელოვანესი ფორმატი, რომელიც წარმატებით ართმევს თავს ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ესკალაციისა და ღია საომარი მოქმედებების პრევენციის ფუნქციას.

„თუმცა, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, მან ვერ მოიტანა კონკრეტული შედეგები კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი განცხადებით, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მიმართულებით, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულები უფრო მეტად არიან იზოლირებულნი, შეზღუდულნი და ზეწოლის ქვეშ. „ჩვენ უნდა გვქონდეს ნათელი სურათი. ღია საომარი მოქმედებები რომ არ მიმდინარეობას, არ ნიშნავს რომ მშვიდობაა. რუსეთს უნდა შევახსენოთ მისი ვალდებულება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“- განაცხადა სოფიო ქაცარავამ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითად ქვაკუთხედად რჩება.




 

ტეგები