ბიძინა ივანიშვილი დეპუტატებთან შეხვედრებს დღეიდან განაგრძობს
ამობეჭდვა · 25 / 02 / 2019 10:41
ბიძინა ივანიშვილი დეპუტატებთან შეხვედრებს დღეიდან განაგრძობს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან შეხვედრებს დღეიდან განაგრძობს.

"ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, გადაწყდა და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია, ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე“, - აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა მსგავს ფორმატში პირველი შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფთან 22 თებერვალს გამართა.

„თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია პარტია „ქართული ოცნების“ ინფორმაციაში.

მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. 115-კაციანი უმრავლესობიდან წავიდნენ გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი.
 

ტეგები