მალხაზ კობაურის ადვოკატები, აღიარებითი ჩვენების გავრცელებას ნაფიც მსაჯულებზე ზეწოლად აფასებენ
ამობეჭდვა · 25 / 02 / 2019 13:48
მალხაზ კობაურის ადვოკატები, აღიარებითი ჩვენების გავრცელებას ნაფიც მსაჯულებზე ზეწოლად აფასებენ

სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის მალხაზ კობაურის ადვოკატებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც გუშინ მედიასაშუალებებში გასული კობაურის პირველი აღიარებითი ჩვენების ამსახველ ვიდეოვერსიასთან დაკავშირებით გააკეთეს კომენტარი.

ადვოკატები ამბობს, რომ ამ ვიდეოჩანაწერის გავრცელების მიზანი ნაფიც მსაჯულებზე ზემოქმედების მოხდენაა.

"ამას, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, ნაფიც მსაჯულებზე ზემოქმედების მიზანი აქვს. ამჟამად შესარჩევი დაგვრჩა ორი კანდიდატი, დაახლოებით ერთ კვირაში დავიწყებთ სხდომებს. გაკვირვებას იწვევს სუბიექტურად გაშუქებული ინფორმაცია. თანაც, რა ინფორმაციას აშუქებენ? ეს „აღიარებითი ჩვენება“ არ არის ახალი, დაკავების პერიოდშია ჩაწერილია და არაერთხელ გავხადეთ ნათელი, რომ ვიდეოჩანაწერი კანონდარღვევით განხორციელდა. თუმცა, დღეს და გუშინ გამოქვეყნდა იმისთვის, რომ მოხდეს ნაფიც მსაჯულებზე ზემოქმედება. საიდან აღმოჩნდა აღნიშნული მასალა „რუსთავი 2“-ის ხელში? ეს ინფორმაცია ჰქონდა პირველ არხს, რომელიც მუშაობდა ჟურნალისტურ გამოძიებაზე, და არც ერთ ეტაპზე გაუხდია საჯარო. განა იმიტომ, რომ ეს საიდუმლოა, არამედ იმიტომ, რომ არის რაღაც დეტალები, რომელიც დახურულ სხდომაზე განიხილება და არა - საჯაროდ. ეს ვიღაცის თვითმიზანია ან გათვლილია სახელმწიფოს მხრიდან", -განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

ვასილ მამულაშვილის თქმით, მალხაზ კობაურისგან ეს პირველი ჩვენება იძულებისა და მოტყუების საფუძველზე მოიპოვეს:

"ბრალდება შემდგომში სრულიად შეიცვალა. აქედან გამომდინარე, ამ აღიარებას არანაირი მტკიცებულების ფასეულობა არ გააჩნია. მალხაზ კობაურის მიმართ იყო მოტყუებაც, მუქარაც და იძულებაც. თვით ამ ჩანაწერიდანაც დგინდება", - თქვა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა და დასძინა, რომ ეს ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მუქარის, მოტყუებით ჩვენების ან განმარტების მიღებას გულისხმობს.

სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური გამოძიების პროცესში რამდენჯერმე გამოიკითხა. კადრები, რომელიც "იმედის კვირამ" მოიპოვა 2018 წლის 8 ივლისს, პოლიციის განყოფილებაში ზუსტად იმ დროს არის გადაღებული, როცა მალხაზ კობაურმა სამართალდამცველებს აღიარებითი ჩვენება მისცა.

სმითების მკვლელობაში ბრალდებულს ვერდიქტი მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა და 12 მსაჯულმა უნდა გამოუტანონ. ამ საქმეზე განაჩენი მარტის ბოლომდე გამოცხადდება, რადგან 9-თვიანი ვადა სწორედ 9 აპრილს იწურება.

imedinews.ge

ტეგები