მამუკა ხაზარაძე - იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, დაგვეტოვებინა ბანკი, მაგრამ ჩვენს ღირსებასა და სამართალს არ დავთმობთ
ამობეჭდვა · 26 / 02 / 2019 14:50
მამუკა ხაზარაძე - იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, დაგვეტოვებინა ბანკი, მაგრამ ჩვენს ღირსებასა და სამართალს არ დავთმობთ

ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, დაგვეტოვებინა „თიბისი ბანკი“, მაგრამ ჩვენს ღირსებასა და სამართალს არ დავთმობთ, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ხაზარაძის თქმით, მან და მისმა პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ კომიტეტის სხდომაზე დასრწების მიწვევა როგორც საპარლამენტო უმცირესობის, ასევე უმარვლესობის მხრიდან მიიღეს.

„ჩვენ დღეს ვიყავით მოწვეული, მე და ჩემი პარტნიორი პარლამენტის საკომიტეტის სხდომაზე. მოწვევა მივიღეთ, როგორც საპარლამენტო უმცირესობის, ასევე უმრავლესობის მხრიდან, გარწმუნებთ, ეს რომ არ ყოფილიყო ერთობლივი მოწვევა, მოვერიდებოდით მოსვლას, რადგან ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ ბიზნესმენები და არანირი პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის არ გვჭირდება არც ერთი ტრიბუნა. აქ მოვედით, რადგან გეთქვა სიმართლე, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვანირად გავაჟღერეთ განცხადების სახით. სამწუხაროდ, ხდება ძალიან ურცხვი ტირაჟირება და ბოტების თუ სხვადასხვა „ფეიკ ნიუსებით“ სერიოზული შემოტევა“, – განაცხადა ხაზარაძემ.

აქედან გამომდინარე მას მიაჩნია, რომ შეიძლება, პარლამენტი ყოფილიყო ერთადერთი ადგილი, სადაც ხალხს, საზოგადოებას, დეპუტატებს მიეცემოდათ ობიექტური ინფორმაცია, რომელიც აღნიშნულ ისტორიას ახლავს.

„კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანის პრეზიდენტის განცხდებას, რომ რამე ზიანი შეიძლება, მოჰყოლოდა ჩვენს აქ გამოსვლას. სამწუხაროდ კომიტეტი დაიხურა, რამეთუ ზიანი შეიძლებოდა, მიყენებულიყო „თიბისიზე“ და მთლიანად საქართველოს იმიჯზე. ჩვენ აქ არ ვართ მოსული როგორც კერძო ბიზნესმენები. საკითხი არ ეხება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძე, აღარ ეხება „თიბისის“, ეს ეხება ქვეყნის რეპუტაციას, მის სტაბილურობას. თუ მოიკითხავთ ნებისმიერ მსოფლიო სააგენტში, რა ინფორმაცია გადის დღეს საქართველოზე, ჩვენ უკვე ასოცირებული ვხდებით ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ რაღაც აბსურდულ ბრალდებებზე“, – განაცხადა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ სამეთვაყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თქმით, მას ბოლო ერთი თვის განმავლობაში თითქმის ყველა წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან აქვს შეხვედრა და სწორედ განვითარებული მოვლენებია პირველი სასაუბრო თემა.

„ეს არის ნომერი პირველი სალაპარაკო თემა. სამწუხაროდ, უკვე კომენტარები კეთდება, რომ საქართველო მიდის სხვა მიმარულებით. ეს არის ძალიან ცუდი მოსასმენი.

დღევანდელი მსჯელობა სწორედ იმიტომ იყო მოწვეული, განმარტება გაგვკეთებინა, დაწყნარებულიყო ეს აჟიოტაჟი, მედიას, პირველ რიგში, საზოგადოებას და დეპუტატებს გაერკვიათ, რა მოხდა რეალურად. ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, შეიძლება ითქვას. იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, დაგვეტოვებინა ბანკი, მაგრამ ჩვენ ღირსებასა და სამართალს არ დავთმობთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ საკითხის საჯარო განხილვას საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ. სხდომის დაწყებისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განმარტა, რატომ არ მიაჩნდა, მას ამ თემის პარლამენტში განხილვა მიზანშეწონილად. ამასთან, გვენეტაძემ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანად შეაფასა. დეპუტატების განცხადებებისა და კამათის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა. მისი თქმით, საკითხის საჯაროდ განხილვა შეიძლება, საფრთხეს შეიცავდეს.

კომიტეტის სხდომას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც ესწრებოდნენ.

ტეგები