სალომე ზურაბიშვილის აზრით, შეწყალების წესი უნდა გამკაცრდეს
ამობეჭდვა · 26 / 02 / 2019 18:20
სალომე ზურაბიშვილის აზრით, შეწყალების წესი უნდა გამკაცრდეს

პრეზიდენტი არ დაუშვებს, რომ შეწყალების საკითხი როდესმე ვინმეს მხრიდან ზეწოლის თემა გახდეს - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრესსპიკერის თქმით, პრეზიდენტისთვის შეწყალების აქტი კონსტიტუციური უფლებაა და სალომე ზურაბიშვილი მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს შეწყალების ახალი წესის შემუშავებას და კომისიის დაკომპლექტების საკითხს.

"შეწყალება წარმოადგენს ჰუმანურ ქმედებას სახელმწიფოს მხრიდან, რომლითაც პრეზიდენტი მსჯავრდებულს აძლევს რესოციალიზაციის საშუალებას. ამავდროულად მიგვაჩნია, რომ შეწყალებისას უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების ინტერესები, ანუ რამდენად უსაფრთხოა საზოგადოებისთვის კონკრეტული მსჯავრდებული პირის შეწყალების საკითხი", – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ შეწყალების წესი უნდა გამკაცრდეს და ასევე სამართლებრივ დონეზე უფრო მკაცრ რეგულაციებში უნდა მოექცეს:

"არსებულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ არ შეიძლება მსჯავრდებულების დიდი რაოდენობით და ბევრი კითხვის ნიშნის ფონზე შეწყალება. ეს აჩენს რისკს და ზრდის პირთა მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობას და ასევე, საზოგადოებაში აჩენს შეგრძნებას, რომ მიუხედავად ჩადენილი დანაშაულისა, შესაძლებელია მოხდეს ნებისმიერი მსჯავრდებულის შეწყალება", - თქვა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

რაც შეეხება შეწყალების კომისიას, ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, შეწყალების წესი ისეთი უნდა იყოს, რომ საზოგადოებაში კომისიის მიმართ ნდობა გაიზარდოს:

"თუ რა ფორმით იარსებებს კომისია, იქნება ის სხვა სტრუქტურულ ერთეულში თუ დარჩება კვლავ პირვანდელი სახით, მისი გადაწყვეტილება მაინც ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი", - თქვა ხატია მოისწრაფიშვილმა.

2019 წლის 3 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეწყალების კომისიას ახალი წევრებით დააკომპლექტებს. ამავე დღეს კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ და რამდენიმე წევრმა კომისია დატოვა.
 

ტეგები