„აიცილე ლევან მურუსიძე" - ადვოკატებმა საპროტესტო კამპანია დაიწყეს
ამობეჭდვა · 26 / 02 / 2019 19:29
„აიცილე ლევან მურუსიძე" - ადვოკატებმა საპროტესტო კამპანია დაიწყეს

ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის სასამართლო სხდომებიდან აცილების მოთხოვნით საპროტესტო კამპანია დაიწყეს.

"აიცილე ლევან მურუსიძე" - ეს არის კამპანიის სლოგანი, რითაც ადვოკატები მოსამართლე ლევან მურუსიძის აცილებას ითხოვენ,

"ის, რომ ლევან მურუსიძის ფაქტორი დისკომფორტს შეუქმნიდა ადვოკატებს, შეიძლება ითქვას, რომ გარდაუვალი იყო. იმიტომ, რომ ადვოკატები პასუხისმგებლობას იღებენ მოქალაქეების წინაშე და მათ ინტერესებს წარმოადგენენ. ბუნებრივია, როდესაც სასამართლო პროცესზე ხვდება მოსამართლე ისეთი რეპუტაციული ტვირთით, რა ტვირთიც აქვს ლევან მურუსიძეს, ადვოკატს გარკვეული კითხვები გაუჩნდება - კარგად წავა თუ არა პროცესი, არის თუ არა შესაძლებელი პროცესი ანდოს ამ მოსამართლეს, რამდენად მიუკერძოებელი იქნება ეს მოსამართლე. ამიტომ, ეს კამპანია იყო მოსალოდნელი. ასევე მოსალოდნელი იყო, რომ პირველ რიგში, სწორედ ამ პროფესიის წარმომადგენლებს, ადვოკატებს გაუჩნდებოდათ დისკომფორტი, როდესაც სასამართლო დარბაზში დახვდებათ ლევან მურუსიძე - ადამიანი, რომლის მოსამართლეობრივი რეპუტაცია ძალიან დაზიანებულია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს კამპანია დიდ დისკომფორტს შეუქმნის თავად ლევან მურუსიძესაც, მის სამოსამართლეო საქმიანობის განხორციელებას", - განაცხადა ანა დოლიძემ.

დოლიძის თქმით, ჩვენი კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, რომ მოსამართლე სასამართლოდან გარკვეულ შემთხვევებში ავიცილოთ.

"ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ ეჭვი გეპარება, რომ ის კარგად არ გაუძღვება სამოსამართლო საქმიანობას და იქნება მიკერძოებული. სწორედ, მიკერძოებულობასთან დაკავშირებით, იმ კითხვების გამო, რა კითხვებსაც მურუსიძემ მის წარსულთან მიმართებაში ვერ გასცა პასუხი, უჩნდებათ ადვოკატებს დისკომფორტი და სწორედ ამიტომ მოითხოვენ ისინი მის ჩამოცილებას სასამართლოდან", - განაცხადა დოლიძემ.

 

წყარო: 2020NEWS

ტეგები