ნიკოლოზ ბასილაშვილმა გაიმარჯვა - ჩოგბურთელი დუბაის ტურნირის მეოთხედფინალშია
ამობეჭდვა · 27 / 02 / 2019 18:27
ნიკოლოზ ბასილაშვილმა გაიმარჯვა - ჩოგბურთელი დუბაის ტურნირის მეოთხედფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაიში ATP500-ის ტურნირზე მეორე წრის ბარიერიც გადალახა და მეოთხედფინალამდე მიაღწია. რუსი კარენ ხაჩანოვის განადგურების შემდეგ, ამჯერად, ბასილაშვილმა სამ სეტში დაამარცხა ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი – 6:7(2), 6:4, 6:3. ამის შესახებ 1tv წერს.

ამ ჩოგბურთელებს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 2:1 გახდა ესპანელის სასარგებლოდ.

პირველმა სეტმა უბრეიკოდ ჩაიარა. ბაუტისტა აგუტს მხოლოდ მეხუთე გეიმში ჰქონდა ბრეიკ-პოინტები, მაგრამ ოთხი შანსი ვერ გამოიყენა. ბასილაშვილი მეტოქის მოწოდებაზე პრაქტიკულად უშანსოდ იყო – ერთადერთ გეიმში მიიყვანა საქმე „თანაბარ“ ანგარიშამდე, მაგრამ ბრეიკ-პოინტამდე ვერ მიაღწია.

ასე რომ, სავსებით ლოგიკურად, სეტის ბედი ტაი-ბრეიკს უნდა გადაეწყვიტა. მე-13 გეიმი ბასილაშვილმა ძალიან ცუდად დაიწყო – ზედიზედ ოთხი ქულა წააგო და მეტოქის დაწევა ვერ შეძლო.

მატჩში პირველი ბრეიკ-პოინტი ქართველმა ჩოგბურთელმა მესამე გეიმში მიიღო და ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა. ბასილაშვილი დამაჯერებლად აკონტროლებდა პარტიის მიმდინარეობას და სეტის მოგებას უახლოვდებოდა, როცა, მოულოდნელად, ბაუტისტა აგუტმა საპასუხო ბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა – 4:4. თუმცა, ნიკამ მომდევნო გეიმში მეორე ბრეიკის აღება შეძლო და ამის შემდეგ სეტზეც ჩააწოდა.

მესამე სეტი ბასილაშვილის კიდევ უფრო დიდი უპირატესობით წარიმართა. მეტოქის პრაქტიკულად ყველა გეიმში ქართველს ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და საბოლოოდ, მეხუთე და მეცხრე გეიმებში შესრულებული ბრეიკების წყალობით გაიმარჯვა.

მეოთხედფინალში ბასილაშვილის მეტოქე ხორვატი ბორნა ჩორიჩისა და ჩეხი ტომაშ ბერდიხის მატჩში გაირკვევა.