ზაზა გაბუნია: მოხარული ვარ, რომ იაპონიის ელჩმა რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი ყველაზე მდგრად და ახლო პარტნიორად დაასახელა
ამობეჭდვა · 28 / 02 / 2019 15:13
ზაზა გაბუნია: მოხარული ვარ, რომ იაპონიის ელჩმა რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი ყველაზე მდგრად და ახლო პარტნიორად დაასახელა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, იაპონიის ელჩის რეზიდენციაში მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ხელმოწერის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„ჩვენ მომსწრე ვართ ქართულ-იაპონური კავშირების და თანამშრომლობის გაძლიერების ქართული საექსპორტო პროდუქტის, მდგრადი განვითარების პოლიტიკის, ეკოლოგიის, მწვანე ეკონომიკის და სხვა ბევრ საკითხში და მიმართულებაში და ამაში განსაკუთრებული როლი რა თქმა უნდა იაპონიის ელჩს და იაპონიის საელჩოს აქვს. ჩვენ მომსწრე ვართ ქართულ-იაპონური ურთიერთობების გაზაფხულის, მათ შორის აქ, გაზაფხულის ქუჩაზე და გლობალურ მასშტაბშიც - ქართველები მიდიან იაპონიაში და ხდებიან ოძეკები და საქართველოში ჩამოდიან მაგალითად, ქართული ანბანით აღფრთოვანებული იაპონელი ახალგაზრდები, რომლებიც ამდიდრებენ ჩვენს გამოცდილებას.

ჩვენს კომიტეტს და საელჩოს აქვს ძალიან აქტიური პარტნიორული ურთიერთობა, რაც მე ძალიან მახარებს. მინდა ბატონ ელჩს და იაპონელ ხალხს მადლობა გადავუხადო იმ თვალსაჩინო მხარდაჭერისთვის, რასაც მათი სახელმწიფო სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის საქართველოს მიმართ იჩენს. მოხარული ვარ, რომ ბატონმა ელჩმა რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტი სახელმწიფო უწყებებიდან ყველაზე მდგრად და ახლო პარტნიორად დაასახელა. მინდა მივესალმო ინიციატივას ამ შესანიშნავი პროექტების განხორციელების შესახებ, რომელთაც დღეს მოეწერება ხელი. წარმატებებს ვუსურვებ მუნიციპალიტეტებს და ორგანიზაციებს, რომლებიც იქნებიან ბენეფიციარები ამ გადაწყვეტილებებისა“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

„წალკის მუნიციპალიტეტში კარტოფილის სამაცივრე მეურნეობის მშენებლობის პროექტის“ საგრანტო დაფინანსების მოცულობა შეადგენს 86 526 აშშ დოლარს. „ამ პროექტის მეშვეობით ხელი შეეწყობა ნიადაგისა და წყლის რესურსების მდგრად და პასუხისმგებლიან გამოყენებას. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ეს პროექტი საფუძველს ჩაუყრის ბარეთის ტბის შენარჩუნებას. დაცული ტერიტორიის სტატუსის მოპოვებით კი ის, მიმზიდველ ტურისტულ გარემოდ გარდაიქმნება“, - განაცხადა იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ.

წალკის მუნიციპალიტეტში ბიო–ბრიკეტების საწარმოებლად ორი მცირე საწარმოს მშენებლობისთვის დაფინანსებამ 71 498 აშშ დოლარი შეადგინა. პროექტი მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ ეკო–მიგრანტებს შეშა ბიოლოგიურად სუფთა ბრიკეტებით ჩაანაცვლონ. „ეს ხელს შეუწყობს ტყის განადგურების შეჩერებას, რადგან შექმნის შეშის ჩანაცვლების მაგალითს ნატურალური ბრეკეტით“, - აღნიშნა ელჩმა.

პროექტის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია ახალციხეში სასოფლო–სამეურნეო ცენტრის მოსაწყობად შენობის რეაბილიტაცია, რომელიც სასოფლო–სამეურნეო ლაბორატორიას და ფერმერებისთვის სწავლების ცენტრს გააერთიანებს. ლაბორატირიაში შესაძლებელი იქნება მიწის, წყლისა და რძის პროდუქციის ლაბორატორიული კვლევა. პროექტი ხელს შეუწყობს ბიოლოგიურად სუფთა სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის წარმოებას და ხელს შეუწყობს მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებას. საგრანტო დაფინანსების მოცულობა არის 71 547 აშშ დოლარი.

ჰუმანიტარული განაღმვისთვის (HALO Trust–ის მიერ), საგრანტო დაფინანსების მოცულობა შადგენს 63 693 აშშ დოლარს. პროექტი ითვალისწინებს იმერეთის რეგიონში, სოფელ ჩონთოში (ნასოფლარი), განაღმვის სამუშაოების ჩატარებას, რის შედეგად უსაფრთხო გახდება ტერიტორია ადგილობრივი მოსახლეობისა და მიმდებარე სოფლებისთვის.

„ეს პროექტები შემუშავდა სამთავრობო პოლიტიკის შესაბამისად: მათ შორის გარემოს დაცვის სამოქმედო პროგრამისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად. ვიმედოვნებთ, რომ გრანტის მიმღები ორგანიზაციების ლიდერობით, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, ჩვენი მხარდაჭერა ხელს შეუწყობს მწვანე მიდგომების გაძლიერებას და გარემოსდაცვის კუთხით პასუხისმგებლიანი ინვესტორების მოზიდვას საქართველოში“, - აღნიშნა ელჩმა.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს აქტიური და პარტნიორული თამაშრომლობისთვის.

„მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი ძალიან განსაკუთრებული და მდგრადი პარტნიორის - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიმართ, რომელიც მუდმივად მხარს უჭერს იაპონიის საელჩოს“, - განაცხადა ტადაჰარუ უეჰარამ.

„ადამიანის უსაფრთხოების გრასრუტების საგრანტო პროგრამა“ დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და მიზნად ისახავს ადამიანის უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოში. საგრანტო პროგრამა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მდგრადი სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, სიღარიბესთან ბრძოლა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა და ა.შ. 1998 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაფინანსდა 170 პროექტი დაფინანსდა, რომელთა რომელთა საერთო ღირებულებამ 17 171 529 აშშ დოლარი შეადგინა.

იაპონიის ელჩიის რეზიდენციაში გამართულ ხელმოწერის ცერემონიში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო რწმუნებულები – ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში, წალკისა და ახალციხის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.


 

ტეგები