ირაკლი კობახიძემ პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დაასრულა
ამობეჭდვა · 28 / 02 / 2019 20:51
ირაკლი კობახიძემ პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იაცეკ ჩაპუტოვიჩთან შეხვედრით დაასრულა.

საუბრის მთავარი თემები საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული ისტორიული მეგობრობა, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავება და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები იყო.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს და ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ იმსჯელეს იყო.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, დასავლური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პოლონეთში გამართული ვიზიტი ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას შეაჯამა.

„გუშინ გავხსენით ქართულ-პოლონური ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის პირველი სესია, რაც ნამდვილად არის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა. დაახლოებით ერთი წლის წინ, ხელი მოვაწერეთ ორ პარლამენტს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას და ამ შეთანხმების ერთერთი შედეგია ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის ჩამოყალიბება, რომლის პირველი სხდომა გუშინ გაიმართა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენს პარლამენტებს შორის ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე აყვანას და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. პოლონეთთან ნამდვილად გამორჩეული ურთიერთობა და მეგობრობა გვაკავშირებს. პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არის ნამდვილად განსაკუთრებული და გამორჩეული, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით და ჩვენი ვალია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პოლონეთი აქტიურად გააგრძელებს ჩვენს ქვეყანის მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესში.

„საქართველო ლიდერი ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით. მიმდინარეობს ქვეყნის დემოკრატიზაცია, ძალაუფლების დანაწილება, ხორციელდება რეფორმები. ყველაფერი კარგ გზაზეა, ასე რომ ახლა ვფიქრობთ, რომ საჭიროა ევროკავშირმა შესაბამისად, პოზიტიურად უპასუხოს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს”,- განაცხადა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა.

ირაკლი კობახიძე პოლონეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, სადაც საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის საინაუგურაციო პლენარულ სესიაში მიიღო მონაწილეობა. დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: გიორგი ვოლსკი, სოფიო ქაცარავა, ნინო გოგუაძე, გელა სამხარაული, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი ლომია და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.




 

ტეგები