საფრანგეთში, ვან გოგის მუზეუმში ფიროსმანის ნახატების გამოფენა გაიხსნა
ამობეჭდვა · 01 / 03 / 2019 22:46
საფრანგეთში, ვან გოგის მუზეუმში ფიროსმანის ნახატების გამოფენა გაიხსნა

საფრანგეთში, ქალაქ არლეში ნიკო ფიროსმანიშვილის ნახატების გამოფენა გაიხსნა. ვინსენტ ვან გოგის მუზეუმი გამოფენას დღეიდან 1 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეშია წარმოდგენილი. დამთვალიერებელი იხილავს ნიკო ფიროსმანაშვილის 29 ნამუშევარს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან და ვინსენტ ვან გოგის 6 ნამუშევარს, რომლებიც 1884-1889 წლებში შეიქმნა. მათ შორისაა შედევრები, როგორებიცაა „არლელი ქალბატონი“, „ხის მჭრელი“, „ფეხსაცმელები“ და „მთესავი ჩამავალი მზის ფონზე“.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება პარიზის ზდანევიჩის ფონდში დაცული ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914". წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“.

გამოფენა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, “Infinitart Foundation Vienna" და არლეში ვინსენტ ვან გოგის ფონდის ინიციატივით ხორციელდება.

 

ტეგები