ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის“ ინკასაციის მანქანაზე თავდასხმის დროს ერთი ადამიანი დაიჭრა
ამობეჭდვა · 02 / 03 / 2019 10:28
ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის“ ინკასაციის მანქანაზე თავდასხმის დროს ერთი ადამიანი დაიჭრა

ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე „ლიბერთი ბანკის“ ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ზუგდიდიდან იუწყება.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მათ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლის ხმა გაიგეს. ბანკის თანამშრომლებს არ აქვთ ინფორმაცია, არის თუ არა წაღებული თანხა.

შემთხვევის შედეგად დაიჭრა ერთი ინკასატორი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ქვედა კიდურის არეში სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის, ნიკოლოზ დიასამიძის თქმით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.