შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს თუთუნის გაძვირება — აკაკი ზოიძე
ამობეჭდვა · 02 / 03 / 2019 16:34
შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს თუთუნის გაძვირება — აკაკი ზოიძე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ ქვეყანაში გასახვევ თამბაქოზე აქციზის ფასი გავზარდოთ, – ამის შესახებ პირველ არხს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განუცხადა.

როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, აქციზზე ფასის მატების ამოცანა არის არა ის, რომ ბიუჯეტში მეტი ფული შევიდეს, არამედ ის, რომ ადამიანებმა ცოტა მოწიონ ან თავი დაანებონ მოწევას.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ აქციზის ფასი გასახვევი თამბაქოზეც  გავზარდოთ. რეალურად მოიმატა აქციზის ფასმა ფილტრიანსა და უფილტრო თამბაქოზე, ახლა დარჩა გასახვევი თამბაქო, ე.წ საბითუმო თამბაქო, რომელზეც გადავიდა საზოგადოების ნაწილი, რადგან უფრო იაფი გამოდის. ფასი არის თითქმის ერთადერთი ბარიერი, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ მოწევა არ დავიწყოთ. ჩვენთან ცამეტი წლის ადამიანები რეგულარულად ეწევიან და ეს კატასტროფაა, საერთოდ ეპიდემიაა, როდესაც მოსახლეობის მესამედი ეწევა. აქციზი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლითაც ხდება პრევენცია“, – განაცხადა ზოიძემ.

მისივე თქმით, გასახვევი თამბაქოს იმპორტი და გაყიდვა მკვეთრად გაიზარდა.

„გასახვევი თამბაქოს იმპორტი 16 000 დოლარი იყო და ხლა 8 მილიონამდე გაიზარდა. აქციზის ფასის ზრდის თაობაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოგვმართა, მე მივმართე მთავრობას და ახლა მთავრობის გადასაწყვეტია. მე, როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, გავახმოვანე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია“, – განაცხადა ზოიძემ.