სენაკსა და ფოთში სპეცოპერაციისას ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ამობეჭდვა · 02 / 03 / 2019 17:16
სენაკსა და ფოთში სპეცოპერაციისას ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

სენაკსა და ფოთში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაკავებულებს ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა.

„მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1977 წელს დაბადებული ი.ჩ. და წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 1979 წელს დაბადებული მ.გ. და 1978 წელს დაბადებული მ.ლ.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ, კერძოდ, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ – ლავას ოღლი, იგივე მინდია გორაძესთან, ჯუმბერ ბაირამიდითთან (ზედმეტსახელად “ბონჩო“), სტავრო ბაირამიდთან – (ზედმეტსახელად “როკო”), დათო ჩხიკვიშვილთან, მერაბ მზარელუასთან და როლანდ გეგეჭკორთან.

ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეთანხმებით, „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ.

გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, სადაც დანაშაულებრივი ქმედებებია ასახული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

2018 წელს პასუხისგებაში მიეცა 4 ე.წ. კანონიერი ქურდი, დაკავებულია “ქურდული სამყაროს” 52 წევრი, რაც, სტატისტიკური მაჩვენებლით, წინა წლის მონაცემზე 4-ჯერ მეტია.

ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით კი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მასშტაბური ერთობლივი ოპერაციების შედეგად 9 ე.წ. ქართველი „კანონიერი ქურდი“ იქნა დაკავებული“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მისი თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლას, რომლის მიზანია ქვეყანაში ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის საბოლოოდ აღმოფხვრა.