გიორგი გახარია: "ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების - მე წერილებს არ ვწერ"
ამობეჭდვა · 04 / 03 / 2019 19:05
გიორგი გახარია: "ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა,  პარლამენტიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების - მე წერილებს არ ვწერ"

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლნისის პოლიციის შენობის გახსნის შემდეგ, ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა მინისტრს მამუკა ხაზარაძის მიერ დღეს პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ჰკითხეს.


"ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების. მე წერილებს არ ვწერ, მე სათქმელს პირდაპირ ვეუბნები და პირში ყველას. მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს.

ბიზნესში პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. შანტაჟის ენით საუბარი საჯარო პოლიტიკაში უნდა გაქრეს. მიუხედავად ამ შანტაჟის ენით საუბრისა, ყველას მოუწევს პასუხი აგოს, როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზეც.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა - სხვა ყველაფერი არის ტყუილი.

რაც შეეხება პარლამენტში მისვლას, არაერთხელ მივსულვარ და ამ შემთხვევაშიც დიდი სიამოვნებით მივალ". - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტეგები