„გუგლმა“ დავით კაკაბაძის სამეცნიერო გამოგონებას საგანგებო გამოფენა მიუძღვნა
ამობეჭდვა · 06 / 03 / 2019 15:18
„გუგლმა“ დავით კაკაბაძის სამეცნიერო გამოგონებას საგანგებო გამოფენა მიუძღვნა

ხელოვნების სასახლის და „გუგლის“​ (Google) მორიგი ერთობლივი პროექტი. მსოფლიოს უდიდეს აუდიტორიას ცნობილი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის სამეცნიერო მოღვაწეობა გააცნეს.

პროექტი, რომელიც ნახევარი წლის განმავლობაში მზადდებოდა „გუგლი ქალჩარალ ინსთითუთ“ (Google Cultural Institute) პლატფორმაზე, დღეს განთავსდა და მსოფლიოს გამომგონებლებისდმი მიძღვნილი იმ დიდი გამოფენის ნაწილია, რომელსაც „ცდა მსოფლიოსათვის“ ეწოდება.

დავით კაკაბაძე პირველი და ერთადერთი ქართველი გამოგონებელია, რომელსაც ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში დამთვალიერებელი იხილავს.

„დავით კაკაბაძე: ექსპერიმენტები ხელოვნებასა და ტექნოლოგიაში“, ასე ეწოდება იმ ვირტუალურ გამოფენას, რომელიც ხელოვნების სასახლეში დაცული საარქივო მასალებისა და კოლექციების ბაზაზე მომზადდა და რომელიც 14 სლაიდს მოიცავს. ვირტუალური ტური 1922 წელს დავით კაკაბაძის მიერ გამოგონებული სინემატოგრაფის შესახებ მოგვითხრობს.

დავით კაკაბაძის შემოქმედებასა და სამეცნიერო გამოგონებასთან ერთად, 23 ქვეყნის 110-ზე მეტი მუზეუმი მსოფლიო საზოგადოებას მოძრავი კინოს პიონერისა და მსოფლიოში პირველი კინოსტუდიის დამაარსებლის, ჟორჟ მილიეს (Georges-Jean Méliès), ასევე, 1989 წელს ტიმ ბერნერს ლის (Tim John Berners-Lee) მიერ შექმნილი მსოფლიო აბლაბუდაზე (WorldWideWeb), ორბიტაზე გატანილი კოსმოსური ტელესკოპის, ჰაბლისა და სხვა მრავალი მსოფლიო მნიშვნელობის მიღწევაზე უყვება.

კავკასიიდან საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც აღნიშნულ სამეცნიერო-საგამოფენო პროექტში იღებს მონაწილეობას.

ვირტუალური გამოფენა ხელოვნების სასახლის მიერ მომზადდა და ის მუზეუმის მიერ ვირტუალურ სივრცეში განთავსებული მეშვიდე გამოფენაა.

წყარო:1tv.ge

ტეგები