ირაკლი კობახიძე: ძლიერი განათლების სისტემა ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის აუცილებელი პირობაა
ამობეჭდვა · 07 / 03 / 2019 14:46
ირაკლი კობახიძე: ძლიერი განათლების სისტემა ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის აუცილებელი პირობაა

„ჩვენი გუნდის მიერ გახმოვანებული დღევანდელი ინიციატივა, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ზოგადი სახით, ჯერ კიდევ, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ისაუბრა - განათლება აქციოს ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველ პრიორიტეტად, არის საუკეთესო პასუხი საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა, სადაც პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალი ინიციატივა - „განათლება-გზა თავისუფლებისკენ“ წარადგინა.



ირაკლი კობახიძის შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ დღეს გამოცხადებული გადაწყვეტილება სახელმწიფოს სამომავლო განვითარებაში განსაკუთრებულ როლს შეასრულებს. მისივე განცხადებით, ძლიერი განათლების სისტემა ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის აუცილებელი პირობაა. ამ კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ ქართული განათლების ისტორიაზე გაამახვილა ყურადღება.



„განათლებას საქართველოში ისტორიულად ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ქართული სახელმწიფოს განვითარების ყველაზე გამორჩეული ეპოქების ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი ყოველთვის იყო ძლიერი განათლების კერები და განათლებული საზოგადოებები: ქართული სახელმწიფოს ოქროს ხანის პერიოდში დაფუძნდა გელათისა და იყალთოს აკადემიები, მე-19 საუკუნის უდიდეს ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ერთობა - თერგდალეულთა პირველი დასი სწორედ განათლების ნიშნით ჩამოყალიბდა, გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი იყო თანამედროვე საქართველოს უმთავრესი საგანმანათლებლო კერის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნება”,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.



ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ დასახული ამბიციური მიზნების მიღწევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა განათლების სისტემისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას ენიჭება. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას შეუძლია, შექმნას დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც კეთილდღეობის მაღალი სტანდარტი ექნება.



„დღეს, როდესაც საქართველოს დასახული აქვს ამბიციური მიზანი, გახდეს დასავლური სივრცის - ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი, შინაარსობრივად დაუახლოვდეს სახელმწიფოებრივი განვითარების დასავლურ სტანდარტებს, განათლების სისტემისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას, ბუნებრივია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას შეუძლია შექმნას დემოკრატიული სახელმწიფო, კეთილდღეობის მაღალი სტანდარტით. მხოლოდ ძლიერი ადამიანური კაპიტალის პირობებში შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში ჭეშმარიტი სამოქალაქო საზოგადოება. განათლება არის სულიერად ძლიერი, ტრადიციების ერთგული და წინსვლაზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბების საუკეთესო საშუალება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ 90-იანი წლებში ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემაში შექმნილ პრობლემებზეც ისაუბრა. მისი თქმით, 90-იანი წლების სირთულეებმა საქართველოს განათლების სისტემას მძიმე დაღი დააჩნია და ეს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების, პრაქტიკულად, ყველა სფეროსა და ასპექტზე აისახა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემამ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა, იგი კვლავაც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამ გამოწვევებზე საუკეთესო პასუხი მმართველი გუნდის მიერ გახმოვანებული ინიციატივაა.



„ჩვენი გუნდის მიერ გახმოვანებული დღევანდელი ინიციატივა, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ზოგადი სახით ჯერ კიდევ სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ისაუბრა, განათლება აქციოს ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველ პრიორიტეტად, არის საუკეთესო პასუხი ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე. ქართულ საზოგადოებას შესწევს უნარი, ღირსეული ადგილი დაიკავოს ყველაზე განათლებულ ერებს შორის, ამ მიზნის მიღწევას კი, შესაბამისი ძალისხმევა და შესაბამისი ინვესტიცია ესაჭიროება. ჩვენს მიერ გამოცხადებული გეგმა, მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 6 % -მდე გაიზარდოს სახელმწიფოს მიერ განათლებაში ყოველწლიურად ჩადებული ინვესტიციის მოცულობა, არის ნაბიჯი, რომელიც უზრუნველყოფს განათლების სისტემის სწრაფ განვითარებას როგორც სკოლამდელი და ზოგადი განათლების, ისე უმაღლესი და პროფესიული განათლების საფეხურზე. მხოლოდ ასეთი მასშტაბური ინვესტიციის საფუძველზეა შესაძლებელი განათლების სისტემის ინფრასტრუქტურის, საგანმანათლებლო დაწესებულებების მენეჯმენტის, სასწავლო პროგრამებისა და პედაგოგების კვალიფიკაციის სწრაფი დაახლოება დასავლურ სტანდარტებთან. უპრეცენდენტო ინვესტიცია დააჩქარებს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას. ეს გადაწყვეტილება გარდატეხას შეიტანს სახელმწიფო მმართველობის, პოლიტიკური სისტემის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართული ეკონომიკის განვითარებაში, დააჩქარებს სიღარიბის საბოლოოდ დაძლევას და ხელს შეუწყობს კეთილდღეობის მაღალი სტანდარტით მოსახლეობის უზრუნველყოფას. ეს ინიციატივა ბავშვებსა და ახალგაზრდებს შეუქმნის თვითრეალიზების უპრეცედენტო შესაძლებლობას”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი, აქტიურად ჩაერთვება იმ გეგმის შემუშავებაში, რომელიც ყველა ამ დასახული მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს.



„ამ ინიციატივას შეუძლია გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის სწორი და სწრაფი განვითარება”,- აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.

ტეგები