ლაშა შავდათუაშვილმა მარაკეშის გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ამობეჭდვა · 09 / 03 / 2019 21:51
ლაშა შავდათუაშვილმა მარაკეშის გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

კიდევ ერთი მედალი მოიპოვეს ქართველმა ძიუდოისტებმა მარაკეშის გრან პრიზე. მაროკოში მიმდინარე ტურნირის მეორე დღეს ფინალში ლაშა შავდათუაშვილმა იჭიდავა. 73 კილოგრამში მოასპარეზე ქართველმა ნახევარფინალში ფრანგ გილომ შენეს სძლია. გადამწყვეტ ბრძოლაში ოლიმპიური ჩემპიონი რუს დენის იარცევს დაუპირისპირდა. შეხვედრა რუსის გამარჯვებით დასრულდა. შავდათუაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

თუმცა იარცევი შავდათუაშვილმა 2 წლის წინ უფრო მნიშვნელოვან შეხვედრაში დაამარცხა. 2016 წლის 8 აგვისტოს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე შავდათუაშვილმა რუს ძიუდოისტს რეპეშაჟში ოპონით მოუგო და ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დღეს საქართველოს ნაკრებიდან მაროკოს გრანპრიზე ფრიდონ გიგანმაც იასპარეზა, ქართველი კანადელ ანტუან ბუშართან რეპაშაჟში დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა. საპრიზო ადგილზე გასვლა ვერ შეძლეს 81 კგ-ში ნუგზარ ტატალაშვილმა და ბექა დონღვანმა.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 მედალია, შეჯიბრის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი 60 კილოგრამში ამირან პაპინაშვილმა მოიპოვა. ხვალ 90 კილოში გიორგი პაპუნაშვილი იასპარეზებს.

ტეგები