მამუკა ხაზარაძეს მუქარის წერილი სავარაუდოდ, ბადრი ჯაფარიძემ გადასცა - რუსთავი 2
ამობეჭდვა · 09 / 03 / 2019 22:47
 მამუკა ხაზარაძეს მუქარის წერილი სავარაუდოდ, ბადრი ჯაფარიძემ გადასცა - რუსთავი 2

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილი სავარაუდოდ ასევე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ გადასცა, – ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

არხის ცნობით, მამუკა ხაზარაძისთვის გზავნილი შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ბადრი ჯაფარიძეს გადასცა, რომელიც მისი მეზობელია.

გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილი გამოაქვეყნა. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას წარადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა და ხელმოწერა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ სასამართლოში მისი დაკითხვის შემდეგ არ უპასუხეს კითხვას, რა ფორმით მიიღეს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას წერილი. როგორც ზვიად კორძაძემ აღნიშნა, მამუკა ხაზარაძემ სასამართლოზე ისაუბრა როგორც წერილის შინაარსზე, ასევე იმაზე, თუ რა პირობებში და ვისგან მიიღო წერილი. „სასამართლოზე დაკითხვისას პროკურატურას გადაეცა წერილის ასლი. აბსოლუტურად ყველა დეტალზე მიაწოდა სრული ინფორმაცია, ყველა დეტალი განუმარტა, რა პირობებში და ვისგან მიიღო წერილი“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.

ტეგები