„ღმერთმა ინებოს, დავინახოთ ჩვენი შეცოდებანი“ - ილია მეორე
ამობეჭდვა · 10 / 03 / 2019 15:07
„ღმერთმა ინებოს, დავინახოთ ჩვენი შეცოდებანი“ - ილია მეორე

საქართველოს პატრიარქმა დღევანდელ დღეზე იქადაგა და აღნიშნა რომ შენდობის დღის შემდეგ დიდი მარხვა იწყება.

"დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. დღევანდელ დღეს შენდობის დღე ეწოდება. დღეს საღამოს იქნება შენდობის წესი. ასე რომ, მობრძანდით და მიიღეთ შენდობა. ხვალ იწყება დიდი მარხვა. ეს არის მარხვა სინანულისა და ღმერთმა ინებოს რომ ამ სინანულს მოჰყვეს სიხარული. წმინდა ეფრემ ასური ამბობს: „ჰე უფალო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა“. ეს გზა - განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა, ყველაზე იოლია, რომელიც მიგვიყვანს ჩვენ სასუფეველში, ამიტომ ყველამ უნდა დაინახოს თავის თავი. არის შემთხვევები, როცა აღსარებაზე მიდიან მოძღვართან და მოძღვარი ეკითხება, თუ რა შეცოდება ჩაუდენია და იმდენად დახშულია მათი გონება, რომ ამბობენ, არანაირი ცოდვა არ მაქვსო. მოძღვარი ეუბნება, მეც კი მაქვს ცოდვაო. პასუხია, რომ შენ შესაძლოა გაქვს, მაგრამ მე არაო.. ეს იმას ნიშნავს, რომ გონება დახშულია, სული დათრგუნულია. ღმერთმა ინებოს, რომ გაიხსნას ჩვენი გონება და სული, დავინახოთ ჩვენი შეცოდებანი და სიხარულით შევხვდეთ ბრწყინვალე აღდგომას. დღევანდელი დღე კიდევ არის ცნობილი იმით, რომ იხსენებს ეკლესია ადამისა და ევას განდევნას სამოთხიდან. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი შეიწყალებს კაცობრიობას", - განაცხადა პატრიარქმა.

ტეგები