ქალების როლი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2019 10:30
ქალების როლი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში

ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახელობის მუზეუმში, ყველა მოწვევის ქალ პარლამენტართა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკოსმა ქალებმა ქართული პარლამენტარიზმის საუკუნოვანი პერიოდი მიმოიხილეს და ქართული პოლიტიკის განხორციელების პროცესში ქალთა როლსა და ჩართულობაზე ისაუბრეს.

ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში მიესალმა, რომელმაც შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„პარლამენტარიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით როგორც საგანმანათლებლო ასევე კულტურულ დაწესებულებებში, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები იმართება. ამ მიზნით, ჩვენ ვსტუმრობთ მირზაანს, ნიკო ფიროსმანის სახელობის მუზეუმს, ყველა მოწვევის ქალი პარლამენტარების შეხვედრა იმართება. სასიხარულოა, რომ ჩვენს კოლეგებთან შეხვედრის შესაძლებლობა გვაქვს, სადაც ძირითადად ბოლო საუკუნის მანძილზე ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ისტორია მიმოვიხილავთ და ასევე ვისაუბრებთ იმ უნიკალურ ტრადიციაზე, რომელიც ქართული პარლამენტარიზმის ქალთა მონაწილეობას ეფუძნება. ბუნებრივია რჩება გამოწვევები, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ქალი პოლიტიკოსების მონაწილეობა და წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში. დარწმუნებული ვარ ეს მიზნები ეტაპობრივად მიღწეული იქნება“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

საიუბილეო ღონისძიებაზე სხვადასხვა მოწვევის ქალ პარლამენტის წევრები გამოვიდნენ, რომლებმაც 100 წლის წინ შექმნილ პირველი დამფუძნებელი კრების-პარლამენტის საქმიანობაზე ქარ პარლამენტართა მოღვაწეობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

“ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა გააცნობიერო, ის რომ საქართველოში პარლამენტარიზმის ისტორია უკვე 100 წელს ითვლის. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია ეს ღონისძიება იმიტომ, რომ 1919 წელს საქართველოს პარლამენტში მრავლად იყო წარმოდგენილი ქართველი ქალბატონები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, მისი კეთილდღეობისათვის იბრძოდნენ“, - აღნიშნა მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრმა, ელისო ჩაფიძემ.

მირზაანში, ქალ პარლამენტართა შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი 1995-2003 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, დალი აბაშიძე გახლდათ.

„გამორჩეულია საქართველო იმ კუთხითაც, რომ როდესაც მსოფლიოში არანაირი უფლებები არ ქონდათ ქალებს, ჩვენ 5 პარლამენტარი გვყავდა და როდესაც ქალი არის პოლიტიკაში იქ სრულიად განსხვავებული გარემო იქმნება, იმიტომ რომ ქალი არის დედა, ოჯახის დიასახლისი და პოლიტიკას კარგი დიასახლისი სჭირდება.

ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრი შრომა მოგვიწევს, რომ ქალმა დაიმკვიდროს თავისი ადგილი საზოგადოებაში, პოლიტიკაში და ეს სრულიად წინ წასწევს საქართველოს და ბევრ სასიკეთო საქმეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა დალი აბაშიძემ.

ტეგები