ბიძინა გეგიძე - ჟვანიას ქუჩაზე კლდის ჩამონგრევის ალბათობა კვლავ დიდია
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2019 11:44
ბიძინა გეგიძე - ჟვანიას ქუჩაზე კლდის ჩამონგრევის ალბათობა კვლავ დიდია

11 მარტს, საღამოს, ვაკეში, ნინო ჟვანიას 12 ნომერთან კლდის ნაწილი მოულოდნელად ჩამოიშალა, რამაც მიმდებარედ 2 კორპუსის ეზოს პარალიზება და ბუნებრივი აირის მილის დაზიანება გამოიწვია, საიდანაც გაზმა გაჟონა. გუშინ საღამოსვე, ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბიძინა გეგიძემ, შემთხვევის ადგილი გეოლოგებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა.

„მოსახლეობამ მაცნობა აღნიშნული ფაქტის შესახებ. გუშინ საღამოს მიწაზე გაჩნდა ნაპრალი და რამდენიმე წუთში მიწის დიდი მასა ჩამოიშალა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, ამჯერად გადავრჩით. დავათვალიერე მიმდებარე ტერიტორია, მიწა
შიგნით მთლიანად სველია, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ დროს მსგავსი შემთხვევა შეიძლება კვლავ განმეორდეს, ეს, უბრალოდ, დროის საკითხია. ადგილს საფუძვლიანად უნდა ჩაუტარდეს გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევა,
ვინაიდან ჟვანიას ქუჩა განაშენიანებულია მდინარე ვარაზისხევის ხეობაში, სადაც უხვადაა გრუნტის წყლები, ფერდობები მეწყერსაშიშია და, ამის მიუხედავად, შესაშური ინტენსივობით მიმდინარეობს მაღალსართულიანი კორპუსების აშენება.
ეს წარმოუდგენელი უპასუხისმგებლობაა ქალაქისა და მოსახლეობის წინაშე. ჟვანიას ქუჩა ისეა მოსახლეობით გადატვირთული, რომ შეუძლებელია ორი მიმართულებით მანქანების გადაადგილებაც კი. შემთხვევის ადგილიდან არც თუ ისე შორს
მშენებლობები კვლავ მიმდინარებს, ამიტომ არ არის გამორიცხული, ეს ფაქტი სამშენებლო ვიბრაციასაც გამოეწვია.

ჟვანიასა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობა აბსოლუტურად დაუცველია გუშინ მომხდარი შემთხვევის მსგავსი ფაქტებისგან. ინტენსიური მშენებლობების გარდა, მდინარე ვარაზისხევი, რომლის ხეობაშიც არის გაშენებული ჟვანიასა და მიმდებარე
ქუჩები, მოქცეულია 1 მეტრის დიამეტრის კოლექტორში. ყოვლად წარმოუდგენელია მდინარის დაბეტონება. ამავდროულად, კლდის ფერდობზე მოიჭრა საკმაოდ დიდი მასა და ამ ინერტული მასალით მდინარის ხეობა ამოივსო. ბუნების წინააღმეგ
წასვლას რა შედეგიც მოჰყვა, ეს, სამწუხაროდ, 4 წლის წინ, 13 ივნისსაც ვნახეთ. მდინარე ვერესაც ხომ ვეძახდით „ვერე რეჩკას“ და წალეკა ნახევარი ქალაქი, არანაკლებ საშიშია მდინარე ვარაზისხევი, მაგრამ, საფრთხის მიუხედავად, მდინარის
ხეობაში მშენებლობები კვლავ ჯიუტად მიმინარეობს და არ აჩერებს თბილისის მერია,“ - აცხადებს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ბიძინა გეგიძე.

როგორც ბიძინა გეგიძემ განაცხადა, ყველა შესაბამის უწყებამდე მიიტანს ამ საკითხს, რომელიც, დეპუტატის შეფასებით, გამაფრთხილებელი შემთხვევაა იმისთვის, რომ შესაბამისმა უწყებებმა გააცნობიერონ პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის წინაშე.

ტეგები