ქაშუეთში საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2019 11:56
ქაშუეთში საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა

ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.

პანაშვიდს, რომელიც პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიო მუჯირმა აღავლინა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და პარლამენტის წევრები, ასევე, დამფუძნებელი კრების წევრთა შთამომავლები დაესწრნენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, დამფუძნებელმა კრებამ მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დაუტოვა ჩვენს ქვეყანას და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართული პარლამენტარიზმი სწორედ ამ მემკვიდრეობას დაეფუძნა.

„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამ დღეს, 100 წლის წინ, შედგა ჩვენი პირველი პარლამენტის, დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა და ამით საფუძველი ჩაეყარა ქართულ პარლამენტარიზმს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მაშინ შეიქმნა პარლამენტარიზმის ტრადიცია და იმ პარლამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დაუტოვა საქართველოს.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 90-იანი წლებში სწორედ ამ მემკვიდრეობას დაეფუძნა ჩვენი პარლამენტარიზმი. დამფუძნებელი კრების, პარლამენტის წევრები იყვნენ უდიდესი ქართველი საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის, ნიკო ნიკოლაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვები. ეს არის ძალიან ძვირფასი მემკვიდრეობა თითოეული ჩვენგანისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„დამფუძნებელი კრება, რომელიც 100 წლის წინ, ზუსტად 12 საათზე შეიკრიბა, საკმაოდ მრავალფეროვანი იყო, ურთიერთობები საკმაოდ დაძაბული იყო, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი ჰქონდა - იყო მაღალინტელექტუალური და ქვეყნის დამოუკიდებლობაზე ორიენტირებული. როდესაც გაჭირდა და სამშობლომ ხალხს ბრძოლის ველზე მოუხმო, მტრის წინააღმდეგ ყველა მხარდამხარ იბრძოდა. იმ პერიოდში 400-ზე მეტი საკანონმდებლო აქტი მიიღეს, საქართველოში გაიხსნა 1200-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება და კულტურის, მეცნიერების, თუ სხვა სფეროებში, უამრავმა ადამიანმა გამოიჩინა თავი. საქართველოს დამფუძნებელი კრება იყო ერთიანობის, სიყვარულის, თანადგომის და თუნდაც, დაპირისპირების, მაგრამ ჯანსაღი დაპირისპირების სიმბოლო“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

12 მარტს ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე აღინიშნება. საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი ღონისძიებები სხვადასხვა ლოკაციაზეა დაგეგმილი.

ტეგები