გურჯაანის სასამართლოსთან, სადაც დავით კირკიტაძის პროცესი უნდა გაიმართოს, სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზებაა
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2019 12:23
გურჯაანის სასამართლოსთან, სადაც დავით კირკიტაძის პროცესი უნდა გაიმართოს, სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზებაა

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაკავებული ლიდერის, დავით კირკიტაძისა და ვალერი მუსაევის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, დიდი რაოდენობით სამართალდამცავია არიან მობილიზებული. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

სასამართლოს ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით, 200-მდე საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.

გასულ სასამართლო პროცესზე დავით კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა შუამდგომლობა დააყენა, რომლის მიხედვითაც ის 15 000 მოქალაქისა და პარლამენტის 27 წევრის პირადი თავდებობით მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლას ითხოვდა. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ ის სათანადოდ მომზადებული არ იყო.

როგორც ადვოკატმა პროცესის შემდეგ განმარტა, ეს განცხადება მოსამართლისგან გამოწვევა იყო და შემდეგ სასამართლო პროცესზე, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდებოდა აბსოლუტური უმრავლესობა იმ პარლამენტარებისა და ადამიანებისა, ვინც კირკიტაძეს პირადად უდგება თავდებში.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მეორე პირს, ვალერი მუსაევს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

საქმე ეხება პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხესთან მომხდარ დაპირისპირებას.

ტეგები