პროკურატურა: ხაზარაძე მეორედ დაიკითხა, მაგრამ ისევ არ ასახელებს შუამავალ პირს
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2019 15:29
პროკურატურა: ხაზარაძე მეორედ დაიკითხა, მაგრამ ისევ არ ასახელებს შუამავალ პირს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მამუკა ხაზარაძე მის მიერ დასახელებულ წერილთან დაკავშირებით დაიკითხა. მაგრამ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა არ დაასახელა შუამავალი პირი. ამის გამო, როგორც „ლიბერალს“ უწყებაში განუმარტეს, გამოძიებას ამ ეტაპზე არ შეუძლია ხაზარაძის მიწოდებული ინფორმაციის დადგენა.

„მამუკა ხაზარაძე მის მიერ დასახელებულ წერილთან დაკავშირებით განმეორებით დაიკითხა მიმდინარე საქმის ფარგლებში. მან არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა შუამავალი პირი. შესაბამისად, ამ ეტაპზე გამოძიება მოკლებულია მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას“, - უთხრეს „ლიბერალს“ პროკურატურაში.
წერილის შესახებ ხაზარაძის დაკითხვაზე დღეს ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმაც. დეპუტატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შს მინისტრმა უარყო კავშირი წერილთან, ხოლო ხაზარაძემ ვერ დაასახელა შუამავალი და პროკურატურამ წერილის შესწავლა შეწყვიტა.

„წერილის შესწავლა პროკურატურამ შეწყვიტა, რამდენადაც ხაზარაძემ ვერ დაასახელა, ვინ გადასცა ის, ვინ იყო მესამე პირი. შს მინისტრმა რა თქმა უნდა, უარყო კავშირი ამ წერილთან. დამატებით მიდის თუ არა გამოძიება, ვფიქრობ, მეტი ინტერესი რომ გამოიჩინოთ ამ საკითხის მიმართ, უფრო მნიშვნელოვანი იქნება“, - თქვა ვოლსკიმ.
საქართველოს პროკურატურამ 6 მარტს გამოაქვეყნა წერილის შინაარსი, რომელიც, უწყების თქმით, მამუკა ხაზარაძემ სასამართლოში დაკითხვაზე მიიტანა. ხაზარაძის თქმით, მან მუქარის წერილი შუამავლის მეშვეობით მიიღო. თუმცა, შუამავლის ვინაობა, როგორც მისმა ადვოკატმა განმარტა მისივე ინტერესებიდან გამომდინარე არ დაასახელა.

წერილის მიხედვით, მამუკა ხაზარაძისგან მოითხოვდნენ, რომ „ტვ პირველს“ ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკა გაეტარებინა, თავად ხაზარაძეს გაევრცელებინა წერილი, რომლითაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააკრიტიკებდა და ტელეკომპანია „არტარეას“ „ობიექტურობის მაღალი ხარისხი ეჩვენებინა“.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებლივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ, შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის“, - ნათქამი იყო წერილის ასლში, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა.
 

ტეგები