პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2019 16:03
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ ინიციატივის წესით წარმოდგენილ „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე იმსჯელეს.

ცვლილებების პროექტი კომიტეტის წევრებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგენიძე-ჯიშკარიანმა გააცნო.

მომხსენებლის ინფორმაციით, ახალგაზრდობის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბავშვებისა და ახალგაზრდების თვითრეალიზაციისა და მათი უფლებების დაცვის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოს შექმნის თაობაზე, რომლის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ საქართველოს მთავრობა განისაზღვრება.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო უკვე მოქმედი სამი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე შეიქმნება. მისივე ინფორმაციით, კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში მთავრობა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნებას, დებულების დამტკიცებას და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნას უზრუნველყოფს. რაც შეეხება სააგენტოს თანამშრომელთა და მის ფინანსურ ნაწილს - მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნულ სამ სტრუქტურაში დღეს დასაქმებული პირები ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოში კონკურსის გარეშე გააგრძელებენ საქმიანობას, სააგენტო ასევე 2019 წლის განმავლობაში აღნიშნული სამი სტრუქტურული ერთეულისთვის გამოყოფილი თანხების ათვისებას შესაბამისი პროგრამული კოდების გათვალისწინებით განახორციელებს.

კომიტეტის წევრები მიესალმნენ წარმოდგენილ ცვლილებების პროექტს და ახალგაზრდობის პოლიტიკის პრიორიტეტულობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, სააგენტოს შექმნის საკითხთან დაკავშირებით, გუშინ კომიტეტის ინიციატივით ახალგაზრდობის მიმართულებებზე მომუშავე უწყებებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ კომიტეტში შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების რეფორმაზე შესაბამის კონცეფციას და სამოქმედო გეგმას მოამზადებს. მისი განცხადებით, ახალგაზრდობის მიმართ დღემდე არაერთი გამოწვევა რჩება, როგორიცაა დასაქმება, თვითრეალიზება, განათლება და ყოველივე ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ღია და გამჭვირვალე პროცესით, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, საინტერესო და მნიშვნელოვანი დისკუსიების გამართვა იგეგმება.

კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს. სხდომაზე ასევე დეპუტატებმა კენჭი უყარეს უკვე განხილულ - „ბავშვთა უფლებათა კოდექსს“ და კომიტეტის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კანონპროექტი პრინციპების დონეზე მისაღებად მიიჩნიეს.










 

ტეგები