რუსთაველის თეატრში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2019 00:43
რუსთაველის თეატრში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

„დღევანდელი დღე განასახიერებს ქართული საზოგადოების ლტოლვას დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისაკენ და შეგვახსენებს, რომ საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს საფუძველი ჯერ კიდევ 100 წლის წინ ჩაეყარა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ რუსთაველის თეატრში შეკრებილ სტუმრებს 100 წლის წინ არჩეული დამფუძნებელი კრების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეახსენა.

„დამფუძნებელი კრების არჩევით საფუძველი ჩაეყარა ჩვენი ქვეყნის პარლამენტარიზმის საამაყო ტრადიციას. ეს ტრადიცია საფუძვლად უდევს ქართველი ხალხის მისწრაფებას, შექმნას თანამედროვე სახელმწიფო და გახდეს დასავლური სამყაროს სრულუფლებიანი წევრი“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლებს, პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საერთო და მკაფიო მიზანი ამოძრავებდათ: საქართველოს დამოუკიდებლობა, მისი დემოკრატიული განვითარება და მსოფლიო საზოგადოების ღირსეული წევრობა. სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ დამფუძნებელი კრების მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუკუნის წინანდელი პოლიტიკური და სამართლებრივი ინსტიტუტები დღესაც ჩვენი სიამაყის საფუძველია.

„სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლებმა დიდი შრომა გასწიეს: მიიღეს ქვეყნის პირველი კონსტიტუცია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და პროგრესული იყო მაშინდელ სამყაროში. სამაგალითო იყო პირველი რესპუბლიკის კანონშემოქმედებითი და რეფორმატორული მოღვაწეობა პოლიტიკისა და ეკონომიკის ყველა სფეროში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ, ემიგრაციაში მცხოვრები პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათთვის ევროპის იდეა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარება სერიოზულად შეაფერხა საბჭოთა ოკუპაციის 70 წელიწადმა და ჩაახშო პირველი რესპუბლიკის წლებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი, პროგრესული წამოწყება. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენა და განმტკიცება სწორედ პირველი რესპუბლიკის იდეურ და სიმბოლურ საძირკველზე გახდა შესაძლებელი. მისივე თქმით, დღევანდელი საქართველოს პირველ რესპუბლიკასთან იდეური კავშირის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ 2018 წელს, ქვეყანამ პრეზიდენტად საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკოსთა შთამომავალი, ემიგრაციაში დაბადებული სალომე ზურაბიშვილი აირჩია.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ეროვნული ერთსულოვნების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„დღეს, ემიგრაციაში წასული და საქართველოში დარჩენილი მამულიშვილების შთამომავლები, სრულიად საქართველოს მოსახლეობა ერთად უნდა ვიდგეთ თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს დასაცავად და გასაძლიერებლად. დღეს ყველა პოლიტიკური უთანხმოება მეორეხარისხოვანი უნდა იყოს სამშობლოს თავისუფლებისა და წინსვლის მიზანთან შედარებით.

პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ისევე, როგორც ერთი საუკუნის წინ, დღესაც საქართველოს მოსახლეობას აქვს სანუკვარი მიზანი - საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის განმტკიცება, დემოკრატიული განვითარება და დასავლეთთან სრულფასოვანი ინტეგრაცია. ამ ეროვნული ინტერესებისა და მიზნების პრიზმაში, დღევანდელი პოლიტიკური განსხვავებები, ისტორიულ ჭრილში, სრულიად უმნიშვნელოა. ყველაზე უფრო მწვავე დებატებისა და დაპირისპირების დროს საჭიროა გავიხსენოთ საუკუნის წინანდელი გაკვეთილი და კარგად გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს მომავალი ერთობაში, მიმტევებლობაში, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაშია. საერთო ეროვნული საქმე არ შეიძლება გათითოკაცებული და დაპირისპირებული საზოგადოების პირობებში გაკეთდეს.

დამფუძნებელი კრების ასი წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები სწორედ ჩვენი ეროვნული ერთსულოვნების მნიშვნელობის შეხსენების მიზანს ემსახურება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავის სათანადოდ აღნიშვნისათვის მეცნიერებს, სტუდენტებს, საქართველოს ეროვნულ არქივს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და რუსთაველის თეატრს მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, გაიმართა თეატრალიზებული წარმოდგენა „ბედი ქართლისა“.

​ 

ტეგები